„ისინი არღვევენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“
ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველი სპორტსმენების საქართველოს სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობის გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, სოჭის 2014 წლის ოლიმპიური თამაშებისათვის ბოიკოტი არ გამოეცხადებინა, მეტიც, ქართულმა მხარემ რუსებს ოლიმპიადის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით თანამშრომლობა შესთავაზა.
“ჩვენ აგრეთვე გადავწყვიტეთ, არ გამოგვეცხადებინა ბოიკოტი სოჭის 2014 წლის ოლიმპიური თამაშებისათვის. მეტიც, ჩვენ შევთავაზეთ რუსებს თანამშრომლობა ოლიმპიადის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. ასევე დავნიშნეთ პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის მიმართულებით, მოსკოვთან პირდაპირი კომუნიკაციის არხის შესაქმნელად, რომ გადავჭრათ კულტურული, ჰუმანიტარული, ეკონომიკური და სავაჭრო პრობლემები. უკვე ნათლად ჩანს ურთიერთობის გაუმჯობესების ზოგიერთი პოზიტიური ნიშანი: რუსეთის ბაზარი ხელმისაწვდომი გახდა ქართული ღვინისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციისათვის; აღდგა სატრანსპორტო კავშირები; გამარტივდა საქართველოს მოქალაქეებისათვის ვიზების გაცემის პროცედურა. თუმცა, ფუნდამენტური უთანხმოებები ჯერ კიდევ არსებობს. რუსეთი განაგრძობს პროვოკაციებს, კერძოდ, ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და ბარიერების აღმართვას. ეს ფიზიკური დაბრკოლებები არღვევს ადგილობრივი მოსახლეობის ისეთ უფლებებს, როგორიცაა სკოლების, დამუშავებული მიწის ნაკვეთების, წყლის საირიგაციო სისტემების ხელმისაწვდომობა და სხვ. ისინი ასევე არღვევენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ეს მხოლოდ ნაწილია იმ ყოვლისმომცველი მოქმედებისა, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის მხრიდან საქართველოზე, ისევე როგორც აღმოსავლეთ ევროპის მთელ რიგ სხვა ქვეყნებზე, ევროპული ინტეგრაციისაკენ სწრაფვის წინააღმდეგ მიმართული ზეწოლის განხორციელებას. კონსოლიდირებული საერთაშორისო მხარდაჭერა რუსეთის პროვოკაციების აღკვეთის ერთადერთი საშუალებაა.
საქართველო დიდად აფასებს იმას, რომ შეერთებულ შტატებს მტკიცე პოზიცია აქვს რუსეთის დესტაბილიზაციურ პოლიტიკასთან დაკავშირებით და საჯაროდ გმობს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური დაბრკოლებების აღმართვის ფაქტებს. ჩვენ იმედი გვაქვს ამ საკითხებში ჩვენი მეგობრებისა და პარტნიორების შემდგომი უცვლელი მხარდაჭერისა. ჩვენ კი, საქართველოს მთავრობა, ყოველ ღონეს ვიხმართ, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, გავუძლოთ შესაძლო გარეშე ზეწოლასა და ძალდატანებას, რადგან ჩვენ არ ვაპირებთ კომპრომისზე წასვლას და ჩვენი ევროპული მომავლის ასე უბრალოდ დათმობას.
მოგიწოდებთ, დაგვიჭიროთ მხარი, და არა იმიტომ, რომ ან ერთიანი არა ვართ, ან არა ვართ დარწმუნებული ჩვენს მისწრაფებებში, არამედ იმიტომ მოვუწოდებთ ჩვენს დასავლელ მეგობრებს დახმარებისკენ, რომ გავუძლოთ უცხოურ ზეწოლას, რომელიც ემუქრება საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდეგ თავისუფალი მსოფლიოს მიერ ჩვენს რეგიონში განხორციელებულ მიღწევებს შეცვლითა და უკან დაბრუნებით“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.