ოთარ მეღვინეთუხუცესის ძეგლის დაზიანებულ ნაწილს თბილისის მერია აღადგენს

მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვალერი პაპიაშვილის განცხადებით, თბილისის მერია ოთარ მეღვინეთუხუცესის ძეგლის დაზიანებულ ნაწილს აღადგენს.
როგორც შემთხვევის ადგილას მყოფმა პაპიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბაღს მერიის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები იცავენ.
“დედაქალაქის მერია ოთარ მეღვინეთუხუცესის ძეგლზე დაზიანებულ წარწერას უმოკლეს ვადაში აღადგენს. თუ საჭიროდ ჩათვლის გამოძიება, დაიკითხება ის თანამშრომელი, რომელიც გუშინ მორიგეობდა”, – განაცხადა ვალერი პაპიაშვილმა.
მომხდარის გამო, მსახიობის ძეგლის ავტორი ლევან ვარდოსანიძე 9 აპრილის ბაღში ძეგლის სანახავად მივიდა. ვარდოსანიძემ ფაქტს ვანდალიზმი უწოდა.
“როგორ შეიძლება გუშინ გახსნილი ძეგლი დღეს ასე ვანდალურად დააზიანონ. ცნობილი მსახიობის, ოთარ მეღვინეთუხუცესის მტრობა ჩემთვის გაუგებარია, წარწერა, რომელიც მოგლეჯილია, ძვირფასი ლითონის არ არის”, – განაცხადა ლევან ვარდოსანიძემ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ 9 აპრილის ბაღში, უცნობმა პირებმა მსახიობ ოთარ მეღვინეთუხუცესის ძეგლი დააზიანეს. კვარცხლბეკზე გაკეთებული წარწერა – “ოთარ მეღვინეთუხუცესი” მთლიანად არის მოგლეჯილი.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 187 ე მუხლით, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები