იუსტიციის მინისტრმა ბრიტანელ მოსამართლეთა დელეგაცია მიიღო
თეა წულუკიანმა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მეორე ეტაპზე დაგეგმილი ცვლილებები ბრიტანელ მოსამართლეებს გააცნო. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ბრიტანელი მოსამართლეების დელეგაცია მიიღო. შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში მიმდინარეობდა და მას, იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის გარდა, მინისტრის მოადგილეები − ალექსანდრე ბარამიძე და გოჩა ლორთქიფანიძე − ესწრებოდნენ. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საუბრის თემა მოსამართლეთა შერჩევისა და შეფასების მექანიზმების შემუშავების საკითხები იყო. იუსტიციის მინისტრის განმარტებით, იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით 28 თებერვლიდან 1 მარტამდე მოეწყობა საერთაშორისო კონფერენცია, რომლის მთავარი თემა საქართველოში მოსამართლეთა შეფასების სისტემის დანერგვა იქნება.
„ახალი კონსტიტუციის თანახმად, ახლად დანიშნულ მოსამართლეებს 3 წელი გამოსაცდელი პერიოდი აქვთ. ეს ნიშნავს შეფასების სისტემის არსებობას, რაც ახლა უნდა დაინერგოს. ჩვენ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად მოვიწვიეთ არა მხოლოდ ბრიტანელი, არამედ პოლონელი, ავსტრიელი, გერმანელი, ამერიკელი მოსამართლეები, რომლებიც შეხვდებიან ქართველ კოლეგებს, პარლამენტისა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რათა ერთად გადავწყვიტოთ ის მარტივი საკითხი, რაც ეხება მოსამართლის მიერ მოტივირებული, დასაბუთებული გადაწყვეტილებების გამოტანის აუცილებლობას. ამის გარეშე არ არსებობს სასამართლო სისტემა, რომელსაც ენდობა ხალხი“, − განაცხადა თეა წულუკიანმა. ბრიტანული დელეგაცია მოსამართლეების – ქრისტოფერ ბაკველის, პიტერ დიგნი და დონალდ კონვეის შემადგენლობით საქართველოში იუსტიციის მინისტრის მოწვევით იმყოფება. ლონდონში ოფიციალური ვიზიტისას საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ბრიტანელ კოლეგას მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მეორე ეტაპის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
თეა წულუკიანმა მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის მექანიზმზეც ისაუბრა, რომელიც სამწლიანი გამოსაცდელი ვადის შემდეგ მოსამართლის თანამდებობაზე ღირსეულ კანდიდატთა უვადოდ დანიშვნას ითვალისწინებს. საქართველოსა და ბრიტანეთის იუსტიციის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ბრიტანელი მოსამართლეები მონაწილეობას მიიღებდნენ გამოსაცდელი ვადის შემდგომ ქართველ მოსამართლეთა შეფასებისა და შერჩევის კრიტერიუმების დადგენაში. ბრიტანელი მოსამართლეები საქართველოში ამ შეთანხმების ფარგლებში იმყოფებიან. ისინი მონაწილეობას მიიღებენ ორდღიან საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც 28 თებერვალს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ გაიმართება. მონიტორინგისა და შეფასების სისტემა საბოლოოდ გაათავისუფლებს მოსამართლეებს ყოველგვარი ზეწოლისაგან, მათგან ყველაზე ღირსეულ და პროფესიონალ კადრებს კი მოსამართლის თანამდებობის უვადოდ დაკავების შესაძლებლობას მისაცემს, რაც, თავის მხრივ, სამართლიანი და თავისუფალი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებას უზრუნველყოფს.