გიორგი კობერიძემ ბენეფიციარებს ძველით ახალი წელი მიულოცა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიორგი კობერიძე და „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ დირექტორი, იოსებ ოზაშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბოდბისხევში მდებარე პანსიონატ „თაობათა კერას“ ფილიალს ესტუმრნენ.
გიორგი კობერიძემ და იოსებ ოზაშვილმა ბენეფიციარებს ძველით ახალი წელი მიულოცეს.
„თაობათა კერას“ ფილიალში ამ დროისათვის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 10 ბენეფიციარია მოთავსებული.
საცხოვრებელი შენობა სულ ახლახან გარემონტდა.
სამინისტროს წარმომადგენლებმა პანსიონატის ბენეფიციარებს ის საჭირო ნივთები ჩაუტანეს, რომლებიც მათ თავად ისურვეს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო პანსიონატის ინფრასტრუქტურასა და მის მაცხოვრებლებზე ზრუნვას მომავალშიც გააგრძელებს.