რესტავრირებული „ნატვრის ხის“ ჩვენება გაიმართება

დღეს, 17 საათზე კინოთეატრ ამირანში გაიმართება რესტავრირებული „ნატვრის ხის“ ჩვენება, რომელსაც საქართველოსა და ესტონეთის პრემიერ-მინისტრები – ირაკლი ღარიბაშვილი და ტაავი როივასი დაესწრებიან. ჩვენებაზე ასევე მიწვეულნი არიან ქართული კინოსექტორის წარმომადგენლები.
კინოცენტრის ცნობით, კლასიკად ქცეული „ნატვრის ხის“ აღდგენა და ციფრულ მატარებელზე გადატანა, თენგიზ აბულაძის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თენგიზ აბულაძის მემორიალური მუზეუმის ინიციატივით და ეროვნული კინოცენტრის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. ფილმს რესტავრაცია, ფერების და ხმის კორექცია ესტონეთში ჩაუტარდა. ფასისა და ხარისხის გათვალისწინებით, შეირჩა ყველაზე ოპტიმალური კომპანია Digital Center-ი, რომელიც დაფუძნებულია ესტონეთის კინოცენტრის, კინოარქივისა და კინოს უნივერსიტეტის მიერ. ის არის ევროპის მასშტაბით უახლესი ტექნოლოგიების ბაზის მქონე ერთ-ერთი წამყვანი კომპანია.
კინომემკვიდრეობის დაცვა ეროვნული კინოცენტრის ერთ-ერთი პრიორიტეტია. მისი მხარდაჭერით ქართველი კლასიკოსების ფილმების აღდგენა ეტაპობრივად წლების მანძილზე ხორციელდება. 2014 წელს ასევე რესტავრაცია ჩაუტარდა ელდარ შენგელაიას ფილმს „ცისფერი მთები“. ფილმი წარდგენილი იყო კანის კინოფესტივალზე, სექციაში Cannes Classic-ი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები