მამა ილია კარტოზიას საქართველოში ჩამოსვენების თარიღი დღეს დაზუსტდება
მამა ილია კარტოზიას საქართველოში ჩამოსვენების თარიღი დღეს დღის ბოლოს დაზუსტდება. ამის შესახებ ორშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დავით კერესელიძემ განაცხადა.
როგორც კერესელიძემ აღნიშნა, პროცესში ჩართულია საკონსულო და უშუალო კონტაქტზეა შესაბამის პირებთან.
“დღეს უნდა დასრულდეს ყველანაირი ექსპერტიზა, ამიტომ დღის ბოლოს ჩვენ ზუსტი და კონკრეტული თარიღი გვეცოდინება, როდის მოხდება მისი გადმოსვენება. ჩემი გამოცდილებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს პროცედურები საკმაოდ რთული და ხანგრძლივია”, – განაცხადა დავით კერესელიძემ.
კერესელიძემ მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარება კიდევ ერთხელ გამოხატა.
შეგახსენებთ, რომ ადრიატიკის ზღვაში ბორან „ნორმან ატლანტიკს“, რომელიც იტალიაში მიემგზავრებოდა, ცეცხლი 28 დეკემბერს გაუჩნდა. მაშველებმა გემიდან მგზავრების ევაკუაცია მოახდინეს. გარდაცვლილია 11 ადამიანი. სულ გემზე 400-ზე მეტი პირი იმყოფებოდა, მათგან რვა საქართველოს მოქალაქე იყო. შვიდის გადარჩენა მოხერხდა. მცხეთის დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესიის წინამძღვრის ილია კარტოზიას ცხედარი ზღვამ ქალაქ ლეჩესთან გამორიყა. იტალიური მედიის ინფორმაციით, ქართველმა სასულიერო პირმა სამაშველო ნავში ადგილი ბავშვიან ქალბატონს დაუთმო, მოგვიანებით კი, როდესაც მაშველები მის გადარჩენას ცდილობდნენ, თოკი გაწყდა და მოძღვარი ზღვაში ჩავარდა.