ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი აუქციონის წესით გაიყიდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტის პირველი მოადგილის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი აუქციონზე იქნება გატანილი.
მისივე ინფორმაციით, “ბათუმი თაუერთან” (ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი) დაკავშირებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ორ ინვესტორს შორის გაფორმებულია ურთიერთგაგების მემორანდუმი.
“მემორანდუმის თანახმად, ჩვენ გვაქვს ნაკისრი ვალდებულება, რომლის მიხედვითაც აღნიშნული ქონება უნდა გავიტანოთ აუქციონზე, ხოლო მეორე მხარემ უნდა მიიღოს აუქციონში მონაწილეობა. აუქციონზე იქნება საწყისი ფასი, რომელიც მიმართული იქნება სახელმწიფო ბიუჯეტში და ასევე იქნება საინვესტიციო ვალდებულებები, რომელიც ინვესტორმა უნდა შეასრულოს.
რაც შეეხება საწყის ფასს, დღეს ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ მხოლოდ იმაზე, რაც შემოგვთავაზა ინვესტორმა. ინვესტორის შემოთავაზებული ფასი არის 25 მლნ აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. ამჟამად სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში მიმიდნარეობს აღნიშნული ქონების შეფასება და ამის შემდეგ უკვე ჩამოვყალიბდებით ყველაფერზე”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.
კითხვაზე, რა დაჯდა ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა, ქუმსიშვილმა უპასუხა, რომ ეს საკმაოდ პრობლემატური საკითხია, რადგან მშენებლობა ქაოტურად მიმდინარეობდა და ამ პერიოდის მანძილზე ვერ მოხერხდა პირველადი საბუთების მოძიება.
“ექსპერტიზიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ დადგინდება აღნიშნული შენობის თვითღირებულება. ამჟამად ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, რომელიც არ არის ხელმოწერილი, ეს თანხა შეიძლება იყოს 45-46 მილიონი ლარი დღგ-ს გარეშე, თუმცა კომპანიას გაცილებით მეტი თანხები აქვს მიღებული”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, საუნივერსიტეტი მიმართულებასთან დაკავშირებით მედიას დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით მიეწოდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები