მამა პეტრე: მამა ილიას ადგილზე ნებისმიერი რომ ყოფილიყო, შარავანდედში შემოსავდნენ…

სევეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის დეკანოზი, მამა პეტრე (კვარაცხელია) მამა ილიას (კარტოზიას) ტრაგიკულად დაღუპვაზე სოციალურ ქსელში წერს:
“ჟორდანიას, რჩეულიშვილის მერე თითქოს წრე შეიკრა და მაშველი რგოლის მესამე, ძირითადი ნაწილი მისი წინამორბედების სახელით მსოფლიოს გადაუგდო ქართული ეკლესიის ღირსეულმა მემკვიდრემ მამა ილიამ…
ამაყი ვარ, ამ შემზარავი უბედურებით. ბედნიერიც, თითქოს ღირსებაც შემემატა მისი დაუვიწყარი ქმედებით. ამბის შეტყობისთანავე ცრემლი მომერია, მაგრამ სხვა – არა თვალებიდან, არამედ წარსულის ფესვებიდან წამოსული ცრემლი. ისევ ალაპარაკდა კაცობრიობა ქართველის კიდევ ერთ საზღვაო ტრაგედიაზე.
გამაოგნებლად მიკვირს, რამ დაადუმა ჩვენი ქვეყნის “პროგრესული”, ,,ჰუმანური”, კოსმოპოლიტური ღირებულებების მეხოტბე ფრთა?!
ეკლესიის კრიტიკას სამართლიანად თუ უსამართლოდ ენის წვერზე ატრიალებენ. მათ შენიშვნებს უფრო დამაჯერებელს გახდიდა დადებითის ჯერ დანახვა, მერე აღიარებაც, მით უფრო, როცა ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე და ევროპის ოჯახის წევრობაზე ვფიქრობთ.
პირადად ჩემთვის ნებისმიერი პოზიციის თუ ოპოზიციის, მართლმადიდებლის თუ კათოლიკეს მსგავსი ქმედება სახოტბო-საქებარი იქნებოდა. სწორედ ამიტომ არიან ფსევდოლიბერალები, ფსევდოადამიანები, ფსევდოქრისტიანები. სწორედ ამიტომ მიუღებელია მათი კრიტიკა, ძაგება, ჭკუის სწავლება.
მამა ილიას ადგილზე ნებისმიერი რომ ყოფილიყო, შარავანდედში შემოსავდნენ და სამართლიანადაც, რადგან ქრისტიანობა ცხოვრების წესი და შინაგანი რელიგიაა. დღეს ამ ფაქტით ყველა გულმოკლული მამა ილია ვართ და ვიხრჩობით სიძულვილის და უსამართლობის ზღვაში…”,- წერს მამა პეტრე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები