„გრიპის ვირუსის მატება თებერვლიდან დაიწყება“
„საქართველოში ამ სეზონზე გრიპი ჯერ არ გამოჩენილა, თუმცა მის მომძლავრებას თებერვლის დასაწყისიდან ველით“,- აღნიშნული განცხადება საინფორმაციო- ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ პაატა იმნაძემ გააკეთა.
იმნაძის განცხადებით, ეს წელი ვირუსული ინფექციების მხრივ, წინა წლებთან შედარებით, მშვიდად დაიწყო. მისი თქმით, ხშირია გაციებები, თუმცა მათ გრიპის სახე არ აქვთ. გრიპისგან თავის დაცვის მიზნით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მოსახლეობას ურჩევს, ხელები ხშირად დაიბანონ და ავადობის შემთხვევაში სამსახურებში და სკოლებში სიარულს მოერიდონ.
„ყველა პოლიკლინიკაში, სადაც კი გრიპის მაგვარი სიმპტომებით მიდის ადამიანი, ყურადღებით ვიკვლევთ. დღეისათვის ყველაზე ხშირად ადენოვირუსები, კორონავირუსები და რინოვირუსები გვხვდება. ჯერ გრიპის აქტიური სეზონი არ დაწყებულა. ეს, გარკვეულწილად, დეკემბრის თბილი ამინდებითაც იყო განპირობებული. გაციება შარშანდელთან შედარებით მეტია, მაგრამ გრიპი ჯერ არ გამოჩენილა. სახელმწიფო პროგრამით გრიპზე ჩვილ ბავშვთა სახლები, მოხუცთა თავშესაფრები, დიალიზზე მყოფი პაციენტები, ექიმების გარკვეული რაოდენობა და დიაბეტიანი ბავშვები აიცრნენ. გრიპის ვირუსის მატება თებერვილის დასაწყისიდან დაიწყება. ყველაზე მეტ შემთხვევას თებერვლის ბოლოს და მარტის დასაწყისში ველით. ვირუსული ინფექციების მხრივ წელს ბევრად მშვიდი წელია. ყველას ვურჩევ, რომ ხშირად დაიბანონ ხელები და გრიპის შემთხვევაში სამსახურში და სკოლაში არ იარონ“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.