შშმ ბავშვების პენსია საარსებო მინიმუმს გაუთანაბრდება
2015 წლის სექტემბრიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების პენსია საარსებო მინიმუმს გაუთანაბრდება. მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების ჩამორჩენის მქონე ბავშვებისთვის კი სპეციალური სერვისები შეიქმნება.
მოსალოდნელ სიახლეებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლები უკვე გაეცნენ.
შშმპ სტატუსის მქონე 9 929 ბავშვს პენსია 50 ლარით გაეზრდება. 2015 წლის ზაფხულიდან აუტისტური სპექტრის აშლილობების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის საპილოტე პროგრამაც ამოქმედდება, რომლის ფარგლებში, თბილისის მერია ყოველთვიურად 2-დან 15 წლამდე 200-მდე ბავშვის მომსახურებას დააფინანსებს.
ასევე, დაგეგმილია შინ მოვლის პროგრამის დაწყება მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების ჩამორჩენის მქონე ბავშვებისთვის.