ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა 2014 წელს 11 355 განცხადება განიხილა

 

  ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა 2014 წლის საქმიანობასთან დაკავშირებით პრეზენტაცია გამართა და საზოგადოებას კომიტეტის მიერ შესრულებულ სამუშაოებზე მიმდინარე წლის ანგარიში წარუდგინა.
ყოველი წლის ბოლოს საქმიანობის პრეზენტაციის ტრადიცია კომიტეტმა 2012 წლიდან დაამკვიდრა და წლევანდელი, რიგით მესამე ანგარიშის წარდგენა გაეროს განვითარების ფონდის მხარდაჭერით, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართა.
კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას შეფასებით, ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების თვალსაზრისით, მიმდინარე წელი პროგრესულად წარიმართა და კომიტეტმა არაერთ სიახლეს და გამოწვევას უპასუხა.
„2014 წელს მოქალაქეების მომართვიანობის კუთხით კომიტეტი ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს. მთელი წლის განმავლობაში კომიტეტმა 11 355 განცხადება განიხილა, 141 ინიციატივაზე და რამდენიმე მნიშვნელოვან კანონპროექტზე შესაბამისი დასკვნა მოამზადა. კომიტეტი აქტიურად მუშაობს გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის რეკომენდაციების შესრულების კუთხითაც, რომლებიც გასულ წლებში წამების, არაადამიანური მოპყრობისა და კერძო საკუთრების ხელყოფის ფაქტებზე გამოძიებების დასრულებას და პრევენციის ეფექტური მექანიზმის შექმას გულისხმობს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
კომიტეტის თავმჯდომარემ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შემდეგ, კომიტეტი კონკრეტული ღონისძიებების განხორციელებას გეგმავს.
„არის გამოწვევებიც და მომავალი წლის პრიოროტეტი სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით კომიტეტის მუშაობის გაძლიერება იქნება. ასევე იგეგმება მართლმსაჯულების, პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სასჯელაღსრულების სამინისტროს რეფორმირება, რაშიც კომიტეტი აქტიურ მონაწილეობას მიიღებს”, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.
მისივე განცხადებით, ერთ -ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელსაც კომიტეტი პარლამენტს წარუდგენს, 2015 წლის ქალთა უფლებების დაცვის წლად გამოცხადება წარმოადგენს.
კომიტეტის საქმიანობის პრეზენტაციას სახალხო დამცველი, იუსტიციის და სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოების წევრები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და უფლებადამცველები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები