პრემიერ-მინისტრი ამერიკელ სენატორ როი ბლანტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ამერიკელ სენატორ როი ბლანტს შეხვდა.
როგორც „კვირას“ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-აშშ-ის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.
ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკელ სენატორს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება.
სენატორ როი ბლანტთან შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი, მთავრობის კანცელარიის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის მრჩეველი დავით მაღრაძე და საქართველოს ელჩი აშშ-ში არჩილ გეგეშიძეც დაესწრნენ.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღესვე შეხვედრებს გამართავს თეთრ სახლში, ასევე შეხვდება „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ აღმასრულებელ დირექტორ დანიელ იოჰანესს. ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილი ინტერვიუს მისცემს Foreign Policy-ს და ამერიკელ ჟურნალისტებს მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვდება. დღის ბოლოს კი საქართველოს პრემიერ-მინისტრს სამუშაო სადილზე ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) უმასპინძლებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ვაშინგტონს აშშ-ს ამერიკის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენის მიწვევით 23 თებერვალს ეწვია. საქართველოს სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი, საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი პერტაია, თანაინვესტირების ფონდის გენერალური დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი, მთავრობის ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარე რომან ჩხენკელი და მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე.
საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში 28 თებერვალს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები