მეფუტკრეობის განვითარებისთვის კოოპერატივები დაფინანსდება

  სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობის და თაფლის რეგლამენტის შემუშავების საკითხებთან დაკავშირებით, თაფლის მწარმოებელ ფერმერებთან შეხვედრა ვანის მუნიციპალიტეტში გაიმართა. შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურაშვილი, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე, ვანის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი დავით ლორთქიფანიძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე თენგიზ კალანდაძე და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე საუბარი სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიას, თაფლის რეგლამენტის შემუშავებასთან დაკავშირებულ საკითხებს და სამომავლო პროექტებს შეეხო. ყურადღება მეფუტკრეობის სექტორში კოოპერაციის მნიშვნელობაზეც გამახვილდა, რაც დარგის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, დღეს მეფუტკრეობის დარგში წარმატებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები უკვე გამოიკვეთა. ევროკავშირის პროგრამის ENPRD-ის ფარგლებში ორგანიზაცია MERCY CORPS-მა ოთხი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი უკვე შეარჩია, რომლებიც გრანტის სახით დაფინანსებას მიიღებენ. ეს მათ საშუალებას მისცემს სურსათის უვნებლობის სტანდარდების დაკმაყოფილებით დღეს არსებულ გამოწვევებს უპასოხონ, რასაც ამ ეტაპზე მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოება და ევროპულ ბაზარზე გატანა-დამკვიდრება წარმოდგენს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა მეფუტკრეობის განვითარებისათვის საჭირო მნიშვნელოვან საკითხებზე ვრცელი პრეზენტაციაც წარადგინეს და დამსწრე საზოგადოებას ევროკავშირის მოთხოვნები და საერთაშორისო სტანდარტები გააცნეს. შეხვედრაზე კოოპერატივის წევრებთან ერთად მათ ევროკავშირში თაფლის ექსპორტის ხელშეწყობის ღონისძიებებზეც იმსჯელეს.
როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გოჩა ცოფურაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რეგიონებთან მჭიდრო ურთიერთობა სამინისტროსთვის პრიორიტეტს წარმოადგენს და შესაბამისად, ყველა მნიშვნელოვან თემაზე რეგიონის მოსახლეობასთან მომავალში შეხვედრები გაიმართება და განხილვები მოეწყობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები