საოკუპაციო ზონის მიმდებარედ მცხოვრები ბავშვებისთვის საახალწლო ზეიმი მოეწყო
საგარეო საქმეთა სამინისტრომ საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლის 50-მდე წარჩინებულ ბავშვს ზეიმი მოუწყო. სამინისტროს ორგანიზებით ბავშვები თბილისს ესტუმრნენ და გასართობ ცენტრ “ლოლი-პოპში” საახალწლო წარმოდგენას დაესწრნენ.
სამინისტროს ცნობით, ბავშვები გორიდან კომფორტული ავტობუსით ჩამოიყვანეს, რომელშიც მათ ანიმატორი დახვდათ და თბილისამდე გზაში სახაალისო-გასართობი პროგრამა წარუდგინა. ბავშვებისთვის მცირე შემეცნებითი ექსკურსია მოეწყო, საღამოს კი საბავშვო ცენტრ “ლოლი-პოპში” სპეციალურად მათთვის საახალწლო წარმოდგენა გაიმართა.
„იმედი მაქვს, რომ ამ ბავშვებისთვის ეს იქნება დასამახსოვრებელი დღე. ვულოცავ მათ დამდეგ ახალ წელს და იმედი მაქვს, რომ 2015 წელი ბევრად უფრო სასიხარულო იქნება და მათ ბევრ წარმატებას ვუსურვებ“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა.
საახალწლო წარმოდგენას საგარეო საქმეთა მინისტრი და საგარეო უწყების ხელმძღვანელობა მასპინძლობდა. ზეიმის დასრულების შემდეგ მინისტრმა ბავშვებთან ფოტოები გადაიღო და საბავშვო წიგნები “თამარ-მეფე” და “თბილისის ისტორია” უსახსოვრა.