საქათველო მზადაა უკრაინასთან პარტნიორული ურთიერთობა გააგრძელოს

  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშრებით განცხადებას აქვეყნებს. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მზად არის უკრაინასთან კვლავ გააგრძელოს მჭიდრო პარტნიორული თანამშრომლობა.
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება უკრაინაში მიმდინარე რთული პროცესების ნორმალიზების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებს; გამოთქვამს იმედს, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპის და კანონის უზენაესობის გათვალისწინებით, უკრაინელი ხალხის მტკიცე ნებითა და ურყევი ძალისხმევით, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური მხარდაჭერით, დაიძლევა პოლიტიკური კრიზისი; უკრაინელი ხალხის ლეგიტიმური დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების კვალდაკვალ განხორციელდება შესაბამისი ყველა ქმედითი რეფორმა, და უკრაინა ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს დიდ ევროპულ ოჯახში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ გამოხატავს სოლიდარობას უკრაინელი ხალხის მიმართ და სამძიმარსა და თანადგომას უცხადებს დაღუპულებისა და დაშავებულთა ოჯახებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს მზადყოფნას, ტრადიციულ მეგობარ ქვეყანასთან, უკრაინასთან, კვლავ გააგრძელოს წარმატებული მჭიდრო პარტნიორული თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში, მათ შორის, ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის” ინიციატივის ფარგლებში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები