„ქალთა მიმართ ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა ყველაზე ხშირია“
“ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის“ თავმჯდომარემ ნატო შავლაყაძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ “კვირას” პრესკლუბში ოჯახური ძალადობის ფაქტების შესახებ ისაუბრა.
როგორც უფლებადამცველმა განმარტა, ძალადობის რამდენიმე ფორმა არსებობს, მათ შორის ყველაზე ხშირი ფსიქოლოგიური, შემდეგ კი ფიზიკური ძალადობაა.
„რამდენიმე სახის ძალადობა არსებობს. როდესაც ფიზიკური ძალადობა ხდება, ის ხშირად ძალადობის სხვა ფორმებსაც მოიცავს. ფიზიკური ძალადობა გამოვლინებადია, თუმცა, ამავე დროს, ძალიან ხშირია ფსიქოლოგიური ძალადობა. პირველ ადგილზე დგას ფსიქოლოგიური ძალადობა, მეორე ადგილზე კი – ფიზიკური. ძალადობის შემდეგი ფორმებია: ფსიქოლოგიური, ფიზიკური, ეკონომიკური, სექსუალური, იძულება და უგულებელყოფა. უგულებელყოფაა, როდესაც მშობელს აქვთ საშუალება, ბავშვი ამა თუ იმ მზრუნველობით უზრუნველყოს, მაგრამ ის ამას არ აკეთებს.
ეკონომიური ძალადობაა, როდესაც ერთი ადამიანი არ აძლევს საშუალებას მეორეს, ისარგებლოს ოჯახის წევრის იმ ეკონომიური საშუალებით, რაც ოჯახს გააჩნია. იძულებაა, როდესაც ერთი ადამიანი მეორეს აიძულებს, აკეთოს რაიმე, თავისი ნების საწინააღმდეგოდ იმოქმედოს და გააკეთოს ის, რასაც მას მოძალადე კარნახობს. ფსიქოლოგიურ ძალადობაში მოიაზრება შანტაჟი, დამცირება და ასე შემდეგ“,- განაცხადა ნატო შავლაყაძემ.
უფლებადამცველის განცხადებით, რეგიონებში ძალადობის შესახებ მომართვიანობა უფრო ნაკლებია და ძალადობის საჯაროდ გახმაურებისგან თავს იკავებენ. მისი თქმით, ყველაზე ხშირად ეს თბილისში ვლინდება. შავლაყაძის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაცია “ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელს“ სამეგრელოში ტრენერები ჰყავს და ამ კუთხით სიახლეებს და თავიანთ უფლება – მოვალეობებს აცნობენ პოლიციელებსა და საზოგადოების წევრებს, რის შემდეგაც, მისივე განცხადებით, მომართვიანობა გაიზარდა.
არასამთავრობო ორგანიზაცია “ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი“ ძალადობის მსხვერპლ ქალებს დახმარებას საცხოვრებელი ადგილითაც სთავაზობენ. ორგანიზაციას აქვს თავშესაფარი ახალციხესა და თბილისში. ახალციხის თავშესაფარში სულ რვა, თბილისში კი 10 ადამიანის ადგილია.
„ჩვენთან ხშირად მოდიან ქალები შვილებთან ერთად. ჩვენთან მათ სულ 3,5 თვე შეუძლიათ დარჩენა. ამ პერიოდში ისინი სრულიად უსასყიდლოდ ისარგებლებენ ჩვენი სერვისებით და უზრუნველყოფილნი იქნებიან სუფთა გარემოთი, საცხოვრებელი პირობებით და საკვებით. მათ ვეხმარებით დასაქმებასა და ცოდნის შეძენაშიც. ხშირად ხდება, რომ მათ არა აქვთ განთლება. ასეთ შემთხვევაში ორგანიზაცია „ამაგდარის“ დახმარებით და გაეროს ქალთა ფონდის დაფინანსებით, ისინი სწავლობენ იმ ხელობებს, რომელიც სურთ აითვისონ. სამი თავშესაფარი აქვს სახელმწიფოს, ერთი თბილისში, ერთიც ბათუმში და ერთიც ახლა იხსნება კახეთში. ხშირად გვქონია შემთხვევა, როდესაც თავშესაფარში მცხოვრებ ძალადობის მსხვერპლ ქალს მოძალადე მოუვარდა. ასეთ დროს პატრულის საშუალებით ვიცავთ ჩვენს ბინადრებს“,- განაცხადა ნატო შავლაყაძემ.