იაპონიიდან ჩამოყვანილ მანქანებში რადიაციაა, რაც ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის
იაპონიიდან ჩამოყვანილ მანქანებში რადიაცია დასაშვებ ნორმაზე მეტია, – ამის შესახებ „კვირას“ საქართველოს დამოუკიდებელ ექსპერტთა ასოციაციაში განუცხადეს.
ექსპერტ ნუგზარ ილაურის განმარტებით, რადიაციული ფონი იაპონიიდან შემოყვანილ მანქანებში, ძირითადად, ფილტრებში და ძრავაში გვხვდება, რაც ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. მისი თქმით, ექსპერტთა ასოციაციაში მანქანების მფლობელთა მომართვიანობა შარშანდელთან შედარებით წელს უფრო მომატებულია.
„ვინც იაპონიიდან გადმოყვანილი მანქანა შეიძინა, უსაფრთხოების თავიდან ასაცილებლად საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან ჩვენთან მოდის. მანქანებს ამოწმებენ. ისე, წელს უფრო მეტი გვაკითხავს. იყო შემთხვევები, როდესაც მანქანის ფილტრებში და ძრავაში დასაშვებ ნორმაზე მეტი რადიაციული ფონი აღმოჩენილა. შესაბამისად, მე მევალება დასკვნა დავწერო, ამ შემთხვევაში მანქანის ფილტრები და სხვა ნაწილები იცვლება. მას შემდეგ, რაც მანქანის შემოწმების დასკვნა დაიწერება და რომელიმე ნაწილში აღმოჩნდება რადიაციის დონე მაღალი, მფლობელი ვალდებულია ბირთვული უსაფთხოების სამსახურს მიმართოს და შემდეგ ისინი უზრუნველყოფენ აღნიშნული ნაწილის გაუვნებელყოფას. განსაკუთრებით საშიშია მანქანა მათთვის, ვისაც პატარა ბავშვები ჰყავს“, – აღნიშნა ნუგზარ ილაურმა.
აღსანიშნავია, რომ „ერთიანი დემოკრატიული მოძრაობის” წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე საზოგადოებას მიმართავს, რომ იაპონიიდან ჩამოყვანილ მანქანებს შემოწმება ჩაუტარონ.
„იაპონიიდან იმპორტირებული ავტომობილების რიცხვი საოცრად გაიზარდა, მარტო წელს, იაპონიიდან იმდენი ავტომობილი შემოვიდა საქართველოში, რამდენიც 2010-2013 წლებში ერთად.
იაპონიიდან შემოსულ მანქანებს აქვთ წითელი „სტიკერი”, რაც ნიშნავს იმას, რომ მანქანა რადიაციულ უსაფრთხოებაზე ჯერ კიდევ იაპონიაშია შემოწმებული. ძალიან სამწუხაროა ის შედეგი, რომელიც მივიღეთ საბაჟო დეპარტამენტთან ოფიციალური მიმოწერის შედეგად. კითხვაზე – არის თუ არა აღმოჩენილი საქართველოში რადიაციულად საფრთხისშემცველი მანქანები, ასეთი პასუხი მივიღეთ – 2011 წლიდან დღემდე, რადიაციის შემთხვევა გამოვლინდა იაპონიდან იმპორტირებულ 45 ავტომობილზე. მათგან 44-ს ჩაუტარდა დეკონტამინაცია, გათავისუფლდა რადიაციული ფონისგან, ხოლო ერთი ავტომობილი იზოლირებულია ბათუმის პორტში.
ყველას, ვისაც იაპონიიდან იმპორტირებული მანქანა აქვს, საკუთარი და ოჯახის უსართხოებიდან გამომდინარე, აუცილებლად უნდა მიმართოს ბირთვული უსაფთხოების სამსახურს და ინდივიდუალურად გაიაროს შემოწმება. დარწმუნდით, რომ თქვენი მანქანა 100%-ით უსაფრთხოა”, – განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.