გალში მეგრული ტელევიზიის შექმნა იგეგმება

გალის რაიონის დე ფაქტო გამგებელი თემურ ნადარაია გალის რაიონის საგანმანათლებლო საშუალო სკოლებში მეგრული ენის სწავლების შემოღებასა და მეგრული ტელემაუწყებლობის შექმნას გეგმავს. ამის შესახებ გალის რაიონიდან smo.ge-ს საკუთარმა წყარომ აცნობა. წყაროს ინფორმაციით, თემურ ნადარაია მომავალი წლიდან გალის ტერიტორიაზე, კერძოდ კი გალის საკაბელო ტელევიზიის ბაზაზე, ადგილობრივი ფოსტის შენობაში ახალი მეგრულენოვანი ტელეკომპანიის გახსნას გეგმავს.
„შემოთავაზება მეგრულ ტელევიზიაში მეც მქონდა, მაგრამ, რა თქმა უნდა, უარი განვაცხადე. დიქტორად მიმიწვიეს და მითხრეს, რომ ახალი გამგებლის დავალებაა და ამიტომ გთხოვეთო. მითხრეს, რომ ტელევიზია  მეგრულ ენაზე თავიდან მხოლოდ დღე-ღამეში 5 საათი იმაუწყებლებს. ეთერში მეგრულად გავა: ახალი ამბები, ფილმები, რომლებიც დუბლირებული იქნება მეგრულ ენაზე და მეგრული სიმღერები. სავარაუდოდ, მეგრულენოვანი ტელევიზიის სახელწოდება იქნება “სამურზაყანო”, – აცხადებს სატელეფონო საუბარში საკუთარი წყარო.
მეგრულენოვანი ტელევიზია გალის რაიონში მაუწყებლობას, სავარაუდოდ, პირველი მარტიდან დაიწყებს. ტელეგადაცემების ნახვა ზუგდიდის რაიონის დაბალი ზონის სოფლებშიც იქნება შესაძლებელი, თუმცა, როგორც ტელევიზიის დამფუძნებლები ამბობენ, ტელევიზიის სიგნალი დაფარავს მთელს დასავლეთ საქართველოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები