“რაჭაში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით არაკომპეტენტური ადამიანები არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ”

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, რაჭაში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით არაკომპეტენტური ადამიანები არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ. ამის შესახებ კახა კალაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
ენერგეტიკის მინისტრის თქმით, საქართველოს ხელისუფლებასა და თურქულ კომპანია “ჩალიკ- ენერჯის” შორის დადებული ხელშეკრულება ითვალისწინებს 18-თვიან ეკოლოგიურ, ფინანსურ, სოციალურ და ტექნიკურ კვლევას, რომლის შემდეგაც კანონის სრული დაცვით გაიცემა სამშენებლო ნებართვა.
“პირველი, რაც გაკეთდა, გამოცხადებული იყო საერთაშორისო ტენდერი, სადაც გაიმარჯვა და ინვესტირების სურვილი გამოთქვა თურქულმა კომპანია “ჩალიკ – ენერჯიმ“. რაჭაში პოტენციური ჰიდროელექტროსადგურის პროექტის შესაძლო განხორციელებაზე ყველა ეტაპზე დაცული იყო საჯაროობა, ტენდერიდან დაწყებული ხელშეკრულების გაფორმების ჩათვლით. ამასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობასა და თურქულ კომპანიას შორის კვლევის შესახებ მემორანდუმი დაიდო, რაც მოიცავს 18 თვის განმავლობაში ეკოლოგიურ, ფინანსურ, სოციალურ და ტექნიკურ შესწავლა – შეფასებას და მხოლოდ ამის შემდეგ კანონის სრული დაცვით მოხდება სამშენებლო ნებართვის გაცემის მიზანშეწონილობაზე მსჯელობა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არსებული საპროექტო წინადადება არ ითვალისწინებს არც დატბორვას და არც სოფლების გასახლებას, ვაზის უნიკალური ჯიშებისთვის საფრთხის შექმნას. გარემოზე ზემოქმედებისა და სოციალური საკითხების შეფასების დროს განხილული იქნება ყველა შესაძლო ალტერნატივა და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდება, რომელი პროექტის განხორციელება იქნება გამართლებული”, – განაცხადა კახი კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები