„ანთიძე არის მნგრეველი, ის უნდა გასამართლდეს“ – სტუდენტების ბრალდებები და ანთიძის პასუხი საზოგადოებას

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკა ანთიძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში იმ გადაწყვეტილების მიზეზები განმარტა, რასაც საყდრისის საბადოს ნგრევა მოჰყვა.
ანთიძის განმარტებით, საყდრისთან დაკავშირებით კანონი არ დარღვეულა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის განმარტებით, გეოლოგები და ყველა ის სამეცნიერო წრე, ვინც ჩართული იყო აღნიშნულ საკითხებზე მუშაობის პროცესში, ადასტურებდნენ, რომ საყდრისის შენარჩუნება ვერ ხერხდებოდა.
ნიკოლოზ ანთიძემ სტუდენტებს, რომლებიც საყდრისთან დაკავშირებულ პროცესებს აპროტესტებენ, პროფესიონალიზმი დაუწუნა. „ბრალდებები, რომლებიც ბოლო დროს ისმის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიმართ, საფუძველს მოკლებულია. ის გადაწყვეტილება, რა გადაწყვეტილებაც მიიღო სააგენტომ, არ ყოფილა დაფუძნებული სუბიექტურზე, ეს არ იყო დაფუძნებული მხოლოდ სამართლებრივზე. აქ იყო მთელი რიგი პროცესები. ორ წელზე მეტია საყდრისზე მიმდინარეობს მსჯელობა, ურთიერთბრალდებებიც მრავლადაა. მესმის იმ ახალგაზრდების, რომელიც ძალიან გულანთებით არიან ჩართულები ამ პროცესებში, მაგრამ ცოტა პროფესიონალიზმია გასაძლიერებელი ამ კუთხით. მსგავსი მეთოდები მსოფლიოში აპრობირებულია. სამწუხაროდ, ამ ობიექტის შენარჩუნება ვერ ხერხდებოდა. ამას ადასტურებდნენ გეოლოგები და ყველა ის სამეცნიერო წრე, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს ობიექტი სამუზეუმო სივრცეში ყოფილიყო გადატანილი. მთა კი არ უნდა გადავიდეს მუზეუმში, იქ მოპოვებული არტეფაქტები უნდა გამოიფინოს ახლებურად, რომ ზუსტად ის საყდრისი – ყაჩაღიანი იყოს წარმოჩენილი მუზეუმში. ის დოკუმენტაცია, რასაც დავეყრდენით გადაწყვეტილების მიღებისას, უკვე გავაგზავნეთ და იქ ნათლად ჩანს, თუ რას ეფუძნებოდა ჩვენი ძალიან სწორი გადაწყვეტილება. ყველაფერს ფიზიკურად ვერ შეინარჩუნებ. ძეგლთა დაცვა მოწოდების სიმაღლეზეა. მე ვფიქრობ, ჩვენ ძალიან კეთილშობილ და კარგ საქმეს ვემსახურებით“, – განაცხადა ნიკოლოზ ანთიძემ.
რაც შეეხება სასამართლოს, მისი თქმით, სასამართლო პროცესზე არ იყო საუბარი, ძეგლს სტატუსი უნდა შენარჩუნებოდა თუ არა.
„სასამართლოზე იყო მსჯელობა გურამ ოდიშარიას გამოცემული ბრძანების სამართლებრივ საკითხზე. დასკვნა, რომ იქ აღარ არის მოსალოდნელი აღმოჩენები, ყველასთვის სარწმუნო უნდა იყოს“, – განაცხადა ნიკოლოზ ანთიძემ.
„კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას ანთიძეს სტუდენტური მოძრობის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. სტუდენტური მოძრაობა „მწვანე მუშტის“ წარმომადგენლები საყდრისთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაში ყოფილი პრეზიდენტისა და რამდენიმე მოქმედი მაღლჩინოსნის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხს ხედავენ. სტუდენტებმა ანთიძე სიცრუეში დაადანაშაულეს და მასთან რამდენიმე კვირის წინ შემდგარი შეხვედრა გაიხსენეს, სადაც, მათი თქმით, ანთიძე მათ საყდრისის ინტერდისციპლინარულ სამეცნიერო ექსპედიციაში მონაწილე არქეოლოგების დასკვნის დადებამდე საბადოს ხელშეუხებლობას დაჰპირდა.
„ჩვენ ამ ადამიანებს კონსტრუქციული გზით ვერ ვაგებინებთ. ყველაფერს გავაკეთებთ ახალგაზრდები, რომ ამ ადამიანებს საკუთარი პასუხისმგებლობა ვაგრძნობინოთ. ყველას ემახსოვრება, ვინ არის ნიკა ანთიძე. ჩვენ მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოვაკრავთ იმ ადამიანების სახელებსა და გვარებს, რომლებმაც საყდრისის მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლის ნგრევას ხელი მოაწერეს. ბატონი ნიკოლოზი დღეს მე არ მიცნობდა, მაგრამ რამდენიმე კვირის წინ მან საკუთარ კაბინეტში დაგვიბარა მე და ხელოვნებათმცოდნე ლალი პერტენავა. ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა ხდებოდა საყდრისის არქეოლოგიური ობიექტის ირგვლივ და მან საუბრისას დადო პირობა, რომ მანამ, სანამ საყდრისის ინტერდისციპლინარულ სამეცნიერო ექსპედიციაში მონაწილე არქეოლოგები არ იტყოდნენ იმას, რომ საყდრისის კვლევა არის ბოლომდე დასრულებული, საყდრისი – ყაჩაღიანის ტერიტორიაზე ხელს ვერავინ აღმართავდა. ნიკოლოზ ანთიძე არის მგრეველი და საყდრისის ამფეთქებელი. ნიკა ანთიძე უნდა გასამართლდეს. მასთან ერთად უნდა გასამართლდნენ ის ადამიანები, რომლებმაც ხელი მოაწერეს საყდრისის ნგრევას. ნაწილი საყდრისისა რომც ჩამოინგრეს, საყდრისი მაინც გაძეგლდება. დანგრეული საყდრისი უნდა გაძეგლდეს“, – განაცხადა „კვირას“ პრესკლუბში სტუდენტური მოძრაობა „მწავენ მუშტის“ წარმომადგენელმა სალომე ჭანტურიძემ.
მანვე, სტუდენტებს საყდრისის გადასარჩენად ბრძოლისაკენ მოუწოდა. მისი თქმით, ისინი საყდრისის გადასარჩენად რადიკალურ ნაბიჯებსაც არ მოერიდებიან.
„ ჩვენ ვიქნებით რადიკალები, თუ დაგვიჭერენ, დაგვიჭირონ. მოვუწოდებ სტუდენტებს, შემოგვიერთდნენ და ვაჩვენოთ, როგორია პროტესტი. ჩვენ საყდრისის გადასარჩენად ბოლომდე ვიბრძოლებთ“,- განაცხადა სალომე ჭანტურიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები