საგარეო უწყება საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის გაგრძელებას მიესალმება

საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის გაგრძელების თაობაზე ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას მიესალმება. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, უწყება ადასტურებს მისიასთან და მის ხელმძღვანელთან მჭიდრო თანამშრომლობის მზადყოფნას.
“საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობას. როგორც საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ერთადერთი საერთაშორისო მექანიზმი, მისია წარმოადგენს ვითარების შესაძლო ესკალაციის აღკვეთის ინსტრუმენტს და, ამრიგად, არის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მყარი გარანტორი.
სამწუხაროდ, საერთაშორისო თანამეგობრობის არაერთი მოწოდების მიუხედავად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას კვლავაც არ ეძლევა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებული მანდატის შესრულებისა და აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა, რაც წარმოადგენს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეშ დარღვევას”, – აღნიშნულია განცხადებაში. საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი ორი წლით, 2016 წლის 14 დეკემბრამდე გაგრძელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები