ალექსანდრე ჭიკაიძე შსს-ს ძიუდოს სპორტული კლუბის წევრებს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე შსს-ს ძიუდოს სპორტული კლუბის წევრებს შეხვდა და სპარინგს დაესწრო. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ გურამ ტომარაძემ და თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა გიორგი დალაქიშვილმა შსს-ს ძიუდოს სპორტული კლუბის წევრებთან ერთად, შსს-ს აკადემიის სპორტდარბაზში ივარჯიშეს და მოქმედ ჩემპიონებთან მეგობრული სპარინგი გამართეს. ღონისძიების მიზანი ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერა იყო.
შს მინისტრის ინიციატივით და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ხელშეწყობით, „შინაგან საქმეთა სამინისტროს ძიუდოს სპორტული კლუბი“ მიმდინარე წლის მაისში დაარსდა. სამინისტროს ცნობით, კლუბის წევრთა უმრავლესობა საქართველოს ნაკრების ძიუდოისტია და ისინი მსოფლიო ჩემპიონატების, ასევე, სხვა საერთაშორისო ტურნირების პრიზიორები არიან. სპორტსმენები იაპონიიდან რამდენიმე დღის წინ დაბრუნდნენ. ტოკიოში გამართულ პოპულარულ ტურნირში (დიდი შლემის ტურნირი) ქართველმა ძიუდოისტებმა გუნდური მეოთხე ადგილი დაიკავეს. შსს-ს ძიუდოს სპორტული კლუბის წევრები 18 დეკემბერს ჰოლანდიაში გაემგზავრებიან, სადაც ევროპის გუნდური პირველობისთვის იჭიდავებენ.
შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე გურამ ტომარაძე და თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი გიორგი დალაქიშვილი ყოფილი ძიუდოისტები არიან. მათ ქართველ სპორტსმენებს ჰოლანდიაში ტურნირზე წარმატებები უსურვეს. ქართველი ძიუდოისტები შეუერთდნენ შსს-ს კამპანიას ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ და ევროპულ სარბიელზე კამპანია „არა ძალადობას!“ სამკერდე ნიშნებით წარდგებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები