ხელისუფლებათა კონგრესის მონიტორინგის დელეგაციას შეხვდა

თბილისის მერი დავით ნარმანია საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მონიტორინგის დელეგაციას შეხვდა.
როგორც „კვირას“ თბილისის მერიიდან აცნობეს, დელეგაციის ვიზიტის მიზანი საქართველოში თვითმმართველობის რეფორმისა და ევროსაბჭოს რეკომენდაციების შემდგომ მიმდინარე პროცესის მონიტორინგია.
თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, შეხვედრაზე სამი მნიშვნელოვანი საკითხი გამოიყო: 1. მოქმედ კანონმდებლობაში აისახოს სუბსიდიარობის პრინციპი, რათა ხელისუფლების ყველა დონეს ჰქონდეს თავისი ფუნქციები; 2. გაგრძელდეს ფისკალური დეცენტრალიზაციის რეფორმა და ადგილობრივმა თვითმმართველობებმა მიიღონ მეტი შემოსავლები; 3. საქართველოს პარლამენტმა მოახდინოს ადგილობრივ თვითმმართველობებთან კონსულტაციების კომპონენტის რატიფიცირება, რაც ევროპული ქარტიის მეცხრე მუხლის მეექვსე პუნქტშია ასახული.
„ვინაიდან ქარტია სრულად არ არის რატიფიცირებული, საქართველო ამ მუხლს ჯერჯერობით არ მიერთებია, თუმცა, ჩვენ ვთანხმდებით იმაზე, რომ ნამდვილად დადგა ის დრო, როცა მეტი კონსულტაციები უნდა იყოს ადგილობრივი თვითმმართველობების ეროვნულ ასოციაციასთან და როგორც ამის საკანონმდებლო ინსტრუმენტი, პარლამენტმა უნდა მოახდინოს ამ პუნქტის რატიფიცირება“, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ დავით ნარმანიამ.
კონგრესის დელეგაციის შემადგენლობაში არიან გაერთიანებული სამეფოს სამხრეთ სომერსეტის ოლქის საბჭოს წევრი ნაიჯელ მერმაგენი, ფინეთის ლაუკას მუნიციპალური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჰელენა პიჰლაჯასაარი, კონგრესის ადგილობრივ თვითმმართველობათა პალატის აღმასრულებელი მდივანი ჯან-ფილიპ ბოზოულისი, კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის მდივანი სტეფანი პუალერი, დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის წევრი იორაი ნემეჩი.
კონგრესში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის, დავით ნარმანიას გარდა, ქართული მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ დელეგაციის წევრები, თვითმმართველობის ასოციაციის პრეზიდენტი დავით ჯიქია, თბილისის საკრებულოს წევრები გიორგი ტყემალაძე და სევდია უგრეხელიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები