„ქართული ბრენდის დღე 2014“ -ის ფარგლებში საუკეთესო ქართული ბრენდები და პერსონები დაჯილდოვდებიან

    24 დეკემბერს, „ქართული ბრენდის დღე 2014“ გაიმართება. მე-12 ნაციონალური ბრენდების დაჯილდოების ცერემონიალს საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო „პროფილი“ წარმოგიდგენთ.

ღონისძიებას საინფორმაციო მხარდაჭერას, რამდენიმე მედიასაშუალებასთან ერთად, საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი „კვირა“ გაუწევს. როგორ ირჩევა ბრენდები და რა ნომინაციები იქნება 24 დეკემბერს, ამ საკითხებზე „კვირა“ „ქართული ბრენდის დღისა“ და „პროფილის“ დამფუძნებლებს გაესაუბრა.

როგორც სააგენტოს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მანანა გეგიძემ განმარტა, ქართული ბრენდების პოზიციონირება რამდენიმეთვიანი კვლევების შედეგად გამოიკვეთა. 12- წლიანი ისტორიის მანძილზე კი უკვე 500 -მდე ქართული ბრენდი დაჯილდოვდა.

„ქართული ბრენდის დღე სააგენტო „პროფილმა“ 12 წლის წინ დააფუძნა. პირველად ჩავატარეთ სალონური შეხვედრა. ეს იყო ღვინის ბრენდებზე. მაშინაც და დღესაც გამარჯვებული ბრენდული კომპანიები კვლევებით ვლინდება. გამოკითხვას ჩვენვე ვაწარმოებთ. ჩვენ გვაქვს პორტალი „ქართული ბრენდი“, სადაც ავტომატურ რეჟიმში ხდება ბრენდების შეფასება. ჩვენს პორტალზე არის უნიკალური შეფასების სისტემა, სადაც 40 – მდე სფერო არის წარმოდგენილი. თითოეულს აქვს ათი მახასიათებელი. ესენია: ბრენდის ცნობადობა, ბაზარზე პოზიციონერობა, მარკეტინგული სტრატეგია, სოციალური ვალდებულება, პიარსტარატეგია… ეს ყველაფერი, ერთად აღებული, ხუთბალიანი სისტემით ფასდება. ყველა მსურველს წლის განმავლობაში შეუძლია მიანიჭოს ქულა. შემდეგ ეს ყველაფერი ჯამდება“,- განაცხადა მანანა გეგიძემ.

როგორც „პროფილის“ დამფუძნებელმა „კვირასთან“ საუბრისას აღნიშნა, „ქართული ბრენდის დღის“ ნომინაციები იქნება: ლიდერი, ნდობა და რეპუტაცია, წარმატებული ახალი ქართული ბრენდი, წარმატებული ტელეპროექტი და ბრენდპერსონა.

გეგიძის თქმით, გამოვლინდება ასევე წარმატებული ახალი სახელი. „ გვყავს ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც გამოავლენს წარმატებულ ახალ სახელს. შეიძლება ჯერ არ იყოს კონკრეტული სახელი ბრენდად ქცეული, მაგრამ წარმატებული იყოს. გვაქვს ასევე წარმატებული ახალი ბრენდი. ამ შემთხვევაშიც ის ახალია, თუმცა უკვე ბრენდია. ჩვენ მათი საფეხურებრივი განვითარების ყველა ეტაპს წარმოვაჩენთ“,- აღნიშნა გეგიძემ.

ღონისძიებაზე დაჯილდოვდებიან ბრენდპერსონებიც და ტელეპროექტებიც. „კვირა“ მათ შესახებ „ქართული ბრენდის დღისა“ და „პროფილის“ დამფუძნებელს ელგუჯა მარღიას გაესაუბრა.

„ 2008 წელს შემოვიღეთ ნომინაცია ბრენდპერსონა. პირველი ბრენდპერსონა იყო ბუბა კიკაბიძე. სხვადასხვა წელს ბრენდ პერსონები იყვნენ: ნანი ბრეგვაძე, კახი კავსაძე, ოთარ მეღვინეთუხუცესი, გივი ბერიკაშვილი… ამ ნომინაციაში არ არის შეჯიბრებითობის პრინციპი. მათ თავიანთი მოღვაწეობით თავად ხალხი ანიჭებს ამ სტატუსს. ამის განმსაზღვრელი მათი წარმატებული მოღვაწეობა ხდება. გვაქვს ასევე ტელეპროექტი. ტელეპროექტები ირჩევა მათი რეიტინგულობის მიხედვით. თითო ტელევიზიიდან თითო პროექტს ვაჯილდოებთ“,- განაცხადა ელგუჯა მარღიამ.

გამარჯვებულ კომპანიებს, პერსონებსა და ტელეპროექტის ავტორებს, პრიზებს და საჩუქრებს, ორგანიზატორი სააგენტოს გარდა, სპონსორებიც გადასცემენ.

პროექტის პარტნიორები აისო საერთაშორისო ხარისხის სერტიფიცირების კომპანია „დეა იტალია“; “European and Georgian Organization “(EGO); ხოლო სპონსორები: საიუველირო კომპანია „დელფოსი“, სარეკლამო კომპანია –„პანორამა“, „კარამბოლა“, მისტერ შავიტი, სპორტკომპლექსი „არენა“; „თენო ტექსტილი“ არიან. ღონისძიების საინფორმცაიო მხარდამჭერას „იმედი“,“GDS“, „რუსთავი 2“, „მაესტრო“, „Tv3“ , „საპატრიარქოს ტელევიზია“, „რადიო ფორტუნა“, „ფორტუნა პლუსი“, ჟურნალი „სარკე“, ჟურნალი „ბომონდი“, გაზეთი „პრაიმტაიმი“, „ინფო 9“ და საინფორმაციო პორტალი „კვირა“ უზრუნველყოფს.

2014 წლის მთავარი ბრენდების ვინაობა 24 დეკემბერს, 19:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები