ევროპარლამენტარი მოხუც ქართველთან შეხვედრას იხსენებს – „ტიროდა, რადგან ცხინვალის მხარეს უწევდა ცხოვრება“

საქართველო სხვების მსგავსი, ნამდვილი ევროპული სახელმწიფოა, სადაც ევროპული ცივილიზაციის ერთ-ერთი აკვანი დაირწა, – ამის შესახებ ლატვიელი ევროპარლამენტარი, “სოციალ-დემოკრატების” პარტიის წევრი ანდრეს მამიკინსმა განაცხადა.
მამიკინსის ინტერვიუს ევროპარლამენტის ოფიციალური ვებგვერდი აქვეყნებს სათაურით – “ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება თითოეული ქართველისთვის ძალიან მნიშვნელოვანია”.
ლატვიელი ევროპარლამენტარის განცხადებით, საქართველოს საერთაშორისო ვაჭრობის 29% ევროკავშირზე მოდის და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასოცირების შეთანხმების შემდეგ საქართველოს თავისუფლად ვაჭრობის შესაძლებლობა ექნება. მისივე აზრით, გადაწყვეტილება ასევე ძალიან სიმბოლურია საქართველოს საბჭოური ერიდან ევროკავშირისკენ გარდაქმნის თვალსაზრისით.
„ვიმედოვნებ, რომ ამას მოჰყვება თავისუფალი ვიზა ლიბერალიზაციის პროცესი და ადრე თუ გვიან, ევროკავშირის წევრობა”, – განაცხადა ანდრეს მამიკინსმა.
ლატვიელმა ევროპარლამენტარმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს უნდა მიეცეს დრო მართლმსაჯულების რეფორმების გასაგრძელებლად.
“ქართული პოლიცია აღარ არის ისეთი კორუმპირებული, როგორც ეს 15 წლის წინ იყო. სინამდვილეში საქართველო სხვების მსგავსი, ნამდვილი ევროპული სახელმწიფოა, სადაც ევროპული ცივილიზაციის ერთ-ერთი აკვანი დაირწა”, – აღნიშნავს ლატვიელი ევროპარლამენტარი.
ანდრეს მამიკინსი საქართველოსა და ცხინვალის რეგიონს შორის ე.წ. საზღვარზე ყოფნისას მოხუც მკვიდრთან შეხვედრას იხსენებს.
“სექტემბერში საქართველოსა და ცხინვალის რეგიონს შორის არსებულ უკანონო საზღვარზე ვიყავი, სადაც მოხუც მამაკაცს შევხვდი, რომელიც ტიროდა, რადგან ცხინვალის მხარეს უწევდა ცხოვრება და ვერ კვეთდა საზღვარს, რომ თავისი შვილი ენახა. ქართველები აფხაზებსა და ოსებს საკუთარ ძმებად მიიჩნევენ. ხალხს შორის ომი არ არის, ეს არის ომი პოლიტიკოსებს შორის. ვიმედოვნებ, რომ ადრე თუ გვიან ტერიტორიული მთლიანობის საკითხი მოგვარდება და ევროკავშირს შეუძლია ამაში, დახმარება”, – აღნიშნა ანდრეს მამიკინსმა.
მისივე განმარტებით, როდესაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო რეჟიმზე მოლაპარაკებები დაიწყება, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ბევრი ადამიანი შეინარჩუნებს ქართულ პასპორტებს და დაუბრუნდებიან ქართულ საკონსტიტუციო სივრცეს.
ევროპარლამენტი საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას 18 დეკემბერს მოახდენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები