ლეხ კაჩინსკის ქუჩაზე ახალი დიოდური განათება დამონტაჟდა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და შპს „სინათლის ქალაქის“ ხელმძღვანელმა ვასილ ხორავამ ლეხ კაჩინსკის ქუჩაზე დამონტაჟებული ახალი დიოდური განათება დაათვალიერეს. ახალი საპილოტე პროექტი პოლონურმა კომპანია „ბიო სოლოუშენმა“ განახორციელა. 70%-იანი ენერგოდამზოგავი დიოდური სანათები, შპს „სინათლის ქალაქმა“ დაამონტაჟა.
თბილისის მერთან ერთად, ლეხ კაჩინსკის ქუჩაზე ახალი გარე-განათება საქართველოში პოლონეთის საელჩოს და პოლონური კომპანია „ბიო სოლოუშენის“ წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
მათთან ერთად, დავით ნარმანიამ ლეხ კაჩინსკის სახელობის სკვერში, ავიაკატასტროფაში დაღუპული პოლონეთის პრეზიდენტის ბიუსტი ყვავილებით შეამკო.
ენერგოდამზოგავი სანათებით დედაქალაქის გარე-განათება თბილისის მერის დავით ნარმანიას ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირებაა. თბილისის მერის თქმით, ეს არის საპილოტე პროექტი.
“ვინაიდან ადგილობრივი გამოცდილება მწირია, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გარკვეული პერიოდის განმავლობაში დავაკვირდეთ, როგორ იმუშავებს თანამედროვე განათების სისტემა. ამისთვის დავაყენეთ სპეციალური მზომები, რომლის მიხედვითაც ვნახულობთ განათების ხარისხს და, მეორეს მხრივ, ეკონომიას, რომელიც უნდა მოგვცეს თანამედროვე განათების სისტემამ. მომდევნო ეტაპზე იგეგმება ახალი სისტემის მონტაჟი მთელს ქალაქში, რისთვისაც დეტალურად შევისწავლით არსებულ მდგომარეობას და ამის შემდეგ გამოცხადდდება საჯარო კონკურსი საუკეთესო ინვესტორი კომპანიის მოსაზიდად”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
“ჩვენ ყოველთვის მოხარული ვიქნებით, გავუზიაროთ საქართველოს პოლონური გამოცდილება როგორც საქალაქო განათების სფეროში უახლესი LED ტექნოლოგიით, ისე თვითმმართველობის საკითხებში. დღეს ეს განსაკუთრებით სასიამოვნოა, ვინაიდან ვიმყოფებით ჩვენთვის სიმბოლურ ადგილას”, – განაცხადა საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელმა მარჩინ ჟუკოვსკიმ.
კომპანია “ბიო სოლუშენის” გენერალური დირექტორის ანდჟეი მიკოლაიჩეკის თქმით, კომპანია პოლონეთში გარე-განათების სფეროში ბევრ მუნიციპლიტეტთან თანამშრომლობს და თავს იწონებს იმით, რომ ხილვადობისა და უსაფრთხოების დაცვის პირობებში, ელექტროენერგიის 70%-იანი დაზოგვის მაჩვენებლის მიღება შეუძლია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები