გიორგი მარგველაშვილი: საქართველო-თურქმენეთის ურთიერთობას განვითარების დიდი პოტენციალი აქვს

საქართველო-თურქმენეთის ორმხრივ ურთიერთობას შემდგომი გავრცობისა და განვითარების დიდი პოტენციალი აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თურქმენეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართული ერთობლივი პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, იგი მოხარულია, რომ იმყოფება თურქმენეთში, საქართველოს მეგობარ სახელმწიფოში, რომელიც მშვიდობიანი განვითარების თვალსაჩინო მაგალითია.
„ეს ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნების შემდგომი ურთიერთობისათვის, რომელშიც ნათლად იკვეთება საერთო ინტერესები, მეგობრობა, ურთიერთპატივისცემა და თანამშრომლობის დიდი პერსპექტივები.
შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ჩვენი ქვეყნების ეკონომიკურ თანამშრომლობას. საქართველო, როგორც სატრანზიტო ქვეყანა, ერთმანეთთან აკავშირებს შავი და კასპიის ზღვის რეგიონებს. ჩვენს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან ერთად, ახალ შესაძლებლობებს ხსნის ევროპასა და აზიას შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირის გაღრმავებისა და განვითარებისთვის.
დღევანდელი შეხვედრისას, დეტალურად განვიხილეთ ჩვენი ურთიერთობის აქტუალური საკითხები და განვსაზღვრეთ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის სამომავლო მიმართულებები.
ეს სტრატეგიული ხედვები ასახულია ჩვენს ერთობლივ განცხადებაში, რომელიც საქართველოსა და თურქმენეთის ურთიერთობებს ახალ იმპულსს მიანიჭებს“, – აღნიშნა მარგველაშვილმა.
მისი თქმით, საქართველო-თურქმენეთის ორმხრივ ურთიერთობას შემდგომი გავრცობისა და განვითარების დიდი პოტენციალი აქვს.
„ამ თვალსაზრისით ამ ვიზიტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ხელი ეწერება იმ დოკუმენტებს, რომლებიც ხელს შეუწყობს ჩვენი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას ტრანსპორტის, ტურიზმისა და ვაჭრობის სფეროებში.
ბატონ პრეზიდენტს ასევე გავუზიარე ჩვენი შეშფოთება, რომელსაც იწვევს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატეთ პატივისცემა საერთაშორისო სამართლისა და გაეროს ფუძემდებლური პრინციპებისადმი და დავადასტურეთ ერთგულება საზღვრების ურღვევობის, დავების მშვიდობიანი მოგვარების, ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო სწორედ ის სახელმწიფოა, რომელმაც არა მხოლოდ მხარი დაუჭირა გაეროს 1995 წლის რეზოლუციას “თურქმენეთის მუდმივი ნეიტრალიტეტის შესახებ”, არამედ მისი თანაავტორიც იყო“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილი დარწმუნებულია, რომ ვიზიტი ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის მომავალი თანამშრომლობის წარმატებით განვითარებას. მანვე აღნიშნა, რომ საქართველო მოუთმენლად ელის თურქმენეთის პრეზიდენტს თბილისში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები