თამაზ თამაზაშვილი: ილია ჭავჭავაძის შემდეგ ბიძინა ივანიშვილის მსგავსი ინტელექტუალი არ გვყოლია

ილია ჭავჭავაძის შემდეგ ბიძინა ივანიშვილის მსგავსი ინტელექტუალი არ გვყოლია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრმა თამაზ თამაზაშვილმა “იმედის კვირასთან” ინტერვიუში განაცხადა.
როგორც თამაზაშვილმა აღნიშნა, ივანიშვილი მთავრობის მუშაობაში არ ერევა. მისივე თქმით, ყოფილი პემიერი “ქართული ოცნების” წევრებისთვის მხოლოდ რჩევებით შემოიფარგლება.
“ბიძინა ივანიშვილი საერთოდ არ ერევა მთავრობის საქმიანობაში. შეიძლება მან რჩევა მისცეს ან რატომ არ უნდა მისცეს ასეთმა ინტელექტუალმა თუნდაც “ოცნების” წარმომადგენლებს?! ის მთავრობის საქმიანობაში არ ერევა. ის რომ ერეოდეს, ის რაც ხდება, არ მოხდებოდა”, – განაცხადა თამაზაშვილმა.
პრემიერის სიმამრი ზვიად ჯანყარაშვილის მიერ თანამდებობის დატოვების საკითხსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მის მიერ თანამდებობის დატოვებასთან ბიძინა ივანიშვილს კავშირი არ აქვს.
“ყველამ თავისი სურვილით დაწერა განცხადება, ჯანყარაშვილი გადაიღალა მუშაობით. მან ჩაიბარა შინაგან საქმეთა სამინისტრო და გახსოვთ რა მდგომარეობა იყო. მან დიდი საქმეები გააკეთა. იგივე გააკეთეს სხვებმაც. ასე რომ, ბიძინა არაფერ შუაში არ არის. ასე, რომ ამ კაცზე საერთოდ უნდა დაანებონ ლაპარაკს თავი. კაცმა, რომელმაც უსისხლოდ მოგვაგებინა არჩევნები, კაცმა, რომელმაც საქართველო გადაარჩინა. ილია ჭავჭავაძის შემდეგ ასეთი ინტელექტუალი, აღარ გვყოლია, უნდა დაანებონ ამ კაცს თავი”, – აღნიშნა თამაზაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები