ტიმოშენკო ევრომაიდანზე: პოლიტიკა არის დიდი თეატრი (ვიდეო)
უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო გუშინ, გვიან ღამით პატიმრობიდან გათავისუფლდა. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ხარკოვის ციხის საავადმყოფო დატოვა და სპეცრეისით კიევში ჩაფრინდა. ტიმოშენკომ გრუშკევის ქუჩაზე ბოლო დღეებში დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგო, რის შემდეგაც მაიდანზე შეკრებილ დემონსტრანტებს სიტყვით მიმართა. იულია ტიმოშენკომ მომიტინგეებს მოუწოდა, რომ ქვეყანაში აუცილებლად უნდა დასრულდეს დიქტატურა, რისი გარანტიც ევრომაიდანზე შეკრებილი ხალხია. მისი თქმით, ვერც პოლიტიკოსები, ვერც დიპლომატები და ვერც მსოფლიო ვერ გააკეთებენ იმას, რაც უკრაინელი ხალხის გასაკეთებელია. “როდესაც ხალხი ეცემოდა, ძალიან ვწუხდი, რომ არ ვიყავი თქვენთან ერთად, რათა არ დამეშვა ეს ყველაფერი. ძალიან ვწუხდი იმის გამო, რომ მშვიდობით ვერ შევძელით იგივე შედეგის მიღწევა. ჩვენ დღეს საბოლოოდ წერტილი უნდა დავუსვათ დიქტატურას. დღეს გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა – არ გვაქვს უფლება, სანამ არ დასრულდება ის, რაც დაიგეგმა და უნდა გაკეთდეს ქვეყანაში, მაიდანი არ უნდა მიატოვოთ, თქვენ ხართ ამის გარანტია. თქვენ ხართ ძალა. თუ ვინმე გეტყვით, რომ თქვენ შეასრულეთ თქვენი სამუშაო და შეგიძლიათ, წახვიდეთ, სახლში და ყველაფერს გააკეთებენ სხვები, ამას არ დაუჯეროთ, არცერთ სიტყვას არ დაუჯეროთ. სანამ თქვენ არ დაასრულებთ ყველა საქმეს, სანამ ბოლო ნაბიჯსაც არ გადადგამთ, არავის აქვს უფლება გითხრათ, რომ თქვენ დატოვოთ აქაურობა. ვერც პოლიტიკოსები, ვერც დიპლომატები და ვერც მსოფლიო ვერ გააკეთებენ იმას, რაც თქვენი გასაკეთებელია” – განაცხადა ტიმოშენკომ. ყოფილმა პრემიერმა აღნიშნა, რომ უკრაინაში განვითარებული მოვლენებისთვის დამნაშავეები უნდა დაისაჯონ. მისი თქმით, პოლიტიკა არის დიდი თეატრი, მაგრამ ის თვად იქნება გარანტი, რომ საზოგადოებამ გაიგოს, რა ხდება კულისებს მიღმა. შეგახსენებთ, რომ უკრაინის რადამ გუშინ მიიღო კანონი, რომელიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინსიტრის, იულია ტიმოშენკოს გათავისუფლების საშუალებას იძლეოდა. მუხლის დეკრიმინალიზაციას ხმა 310 დეპუტატმა მისცა. იულია ტიმოშენკო 2009 წლის ოქტომბერში დააკავეს. მას ბრალად რუსეთთან გაზის ხელშეკრულების დადებისას უფლებამოსილების გადამეტებაში და ქვეყნის ეროვნული ინტერესების საზიანო ხელშეკრულების გაფორმებაში დასდეს ბრალი.