აშშ-ში ირაკლი ღარიბაშვილის სამუშაო ვიზიტი დაიწყო
ამერიკის შეერთებულ შტატებში პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი დაიწყო პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი უმაღლესი დონის შეხვედრებს გამართავს. დაგეგმილია შეხვედრები თეთრ სახლში, ასევე მოლაპარაკებები გაიმართება აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ კერისთან, რის შემდეგაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველო-ამერიკის სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის პლენარულ სხდომას გახსნიან. ირაკლი ღარიბაშვილი და ჯონ კერი სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ. აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვედრებს გამართავს ამერიკელ სენატორებსა და კონგრესმენებთან, „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის” აღმასრულებელ დირექტორ დანიელ იოჰანესთან, ატლანტიკური საბჭოს ხელმძღვანელებთან, მსოფლიო ბანკის პრეზიდენტთან, ამერიკის სავაჭრო პალატის პირველ პირებთან, აშშ-ის სტრატეგიული და საერთაშორისო ცენტრის მკვლევარებთან, ასევე ამერიკელ ბიზნესმენებთან. დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა ატლანტიკურ საბჭოში და კოლუმბიის უნივერსიტეტში. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გვირგვინით შეამკობს უცნობი ჯარისკაცის საფლავს. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი ინტერვიუს მისცემს მსოფლიოს და ამერიკის წამყვან მედიასაშუალებებს, მათ შორის Foreign Policy-ს, Reuters-ს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი უცხოელ ჟურნალისტებს მრგვალი მაგიდის ფორმატშიც შეხვდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვაშინგტონს აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენის მიწვევით ესტუმრა. ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად აშშ-ში იმყოფება საქართველოს სამთავრობო დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში არიან საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი, საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი პერტაია , მთავრობის საბჭოს ეკონომიკური საბჭოს ხელმძღვანელი რომან ჩხენკელი, მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე. საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში 28 თებერვალს დასრულდება.