„2015 წელს დევდორაკის მყინვარის დეტალური გეოლოგიური-გეოფიზიკური კვლევები ჩატარდება“

საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“, „საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის“ ფარგლებში, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა საზოგადოებას 2 წლის ანგარიშს წარუდგინა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2015 წელს დევდორაკის მყინვარის დეტალური გეოლოგიური-გეოფიზიკური კვლევები ჩატარდება.
“ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რომელიც ამ ზაფხულმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, ეს არის ბუნებრივი კატასტროფების რისკების მართვა. ზაფხულში დევდორაკის ხეობაში ადამიანთა სიცოცხლეც კი შეეწირა და სახელმწიფოს მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზარალი მიაყენა, ამიტომ ამ კუთხითაც სამინისტრო გააქტიურებულია. რაც შეეხება უშუალოდ დარიალის ხეობასა და დევდორაკს, უკვე დასრულდა ინტერესთა გამოხატვა. ჩვენ ველოდებით, რომ კომპანიებმა წარმოადგინონ წინადადებები. 2015 წელს მოხდება დეტალური გეოლოგიური-გეოფიზიკური კვლევების ჩატარება და, შესაბამისად, ადრეული შეტყობინების იმ თანამედროვე სისტემის შემოთავაზება და დამონტაჟება, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ ავიცილოთ ეს რისკები. თანამედროვე კვლევები აჩვენებს, რომ თვითონ ამ რისკების პრევენციაზე დახარჯული თითო დოლარი დაახლოებით 10-ჯერ ამცირებს ამ კატასტროფების შედეგად გამოწვეულ ეკონომიკურ ზარალს, ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს პრევენციული ღონისძიებების გატარებას”, – განაცხადა ხოკრიშვილმა.
მინისტრის ინფორმაციით, დაახლოებით, 463 დასახლებული პუნქტის შეფასება მოხდა.
“გამოვავლინეთ, რომ 465 ოჯახი, რომელიც გაყვანას საჭიროებს, 500-ზე მეტ ოჯახზე კი მუდმივი მონიტორინგი ხორციელდება. ასევე მონიტორინგული კვლევები ჩატარდა მაღალი რისკის დაახლოებით, 1300-მდე დასახლებულ პუნქტში, ჩვენ მოსალოდნელ საფრთხეებზე შსს-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურის მართვის დეპარტამენტისთვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის, ასევე რეგიონების ხელმძღვანელობისთვის რეკომენდაციები გავეცით, რომლებმაც ეტაპობრივად თავიანთ გეგმებში შესაბამისი ფინანსური რესურსების მოძიების კუთხით პრიორიტეტები უნდა მიანიჭონ ამ ღონისძიებებს”, – აღნიშნა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები