გიგი გიგიაძე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, ელჩ იანოშ ჰერმანს შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.
სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მიმდინარე პრიორიტეტები, მათ შორის: ასოცირების შეთანხმების დროებითი ამოქმედება და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის მეორე ფაზაზე გადასვლის მნიშვნელობა განიხილეს.
შეხვედრაზე ყურადღება მოსკოვის მიერ სოხუმის საოკუპაციო რეჟიმთან ე.წ. ხელშეკრულების“ გაფორმების შედეგად გამოწვეულ საფრთხეებზე გაამახვილეს.
გიგი გიგიაძემ ხაზი გაუსვა ცხინვალის რეჟიმთან ანალოგიური დოკუმენტის გაფორმების საშიშროებას, რაც ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერის განცხადებითაც დადასტურდა. მინისტრის მოადგილემ ევროკავშირს ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ადეკვატური რეაგირებისკენ მოუწოდა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მხარეები გააგრძელებენ აქტიურ თანამშრომლობას საქართველოს ევროინტეგრაციის დღის წესრიგის წარმატებით განხორციელების მიზნით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები