უამრავი კითხვა დაუტოვა ოჯახს – რას აცხადებენ გარდაცვლილის ახლობლები

ერთი გასროლის ხმა ქედის რაიონის მუნიციპალიტეტის შენობაში ნაშუადღევს, დღის 2 საათზე გაისმა. მას დაცვის თანამშრომლებმა თავდაპირველად ყურადღება არ მიაქციეს, რადგან საახალწლო მაშხალის ხმას მიამსგავსეს. ამ დროს მუნიციპალიტეტის თანამშრომლები შესვენებაზე იმყოფებოდნენ. შენობას, როგორც ყოველთვის, დაცვის სამი თანამშრომელი იცავს, რომლებმაც ცვლის უფროსი გელა ბეჟანიძე მოიკითხეს, მაგრამ შენობის პირველ სართულზე დაცვის ოთახის კარი დაკეტილი დახვდათ. თანამშრომლებმა შენობა დატოვეს და ფანჯრიდან შეიხედეს.
34 წლის გელა ბეჟანიძე სისხლის გუბეში იწვა. შემავალი ჭრილობა თავის არეში, საფეთქელთან, მარჯვენა მხარეს ჰქონდა. იქვე ტაბელური იარაღი ეგდო. მუნიციპალიტეტის შენობის დაცვის ცვლის უფროსმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ტაბელური იარაღიდან ერთი გასროლით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
გელა ბეჟანიძე უკვე 5 წელია, დაცვის თანამშრომელია და თვითმკვლელობამდე ქედის რაიონის მუნიციპალიტეტის დაცვის თანამშრომელი იყო.
ცვლის უფროსი დღეს სამსახურში ჩვეულებრივ დილით გამოცხადდა. „დილით ვნახე, მივესალმე, ჩვეულებრივ ხასიათზე იყო, არაფერი შემინიშნავს. როგორც ყოველთვის, მოვიკითხე და ჩემს სამუშაო ოთახში ავედი“, – აღნიშნა „კვირასთან“ საუბრისას ქედის რაიონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა დავით დუმბაძემ.
მისი თქმით, ბეჟანიძე ზრდილი, უკონფლიქტო და წესიერი ადამიანი იყო. „ვერაფრით ვერ ვხსნით თანამშრომლები ამ სამწუხარო ფაქტს. მას მშობლები, მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავდა. არც ეკონომიურად უჭირდათ. რამდენიმე დღის წინ, მეუღლემ დასაქმების თაობაზე გამგეობას განცხადებით მოგვმართა, საბავშვო ბაგა-ბაღში მუშაობას ითხოვდა. გაოგნებულები ვართ. თვითმკვლელობის მიზეზს ვერ ვხსნით, თუმცა ერთი თვის წინ გელა ბეჟანიძე ავარიაში მოჰყვა, თავის ტრამვა მიიღო და ტვინის შერყევა ჰქონდა. არ ვიცი, არც ეს მგონია თვითმკვლელობის მიზეზი, უამრავი კითხვა დაუტოვა ოჯახს“, – ამბობს დავით დუმბაძე.
ქედის რაიონის მუნიციპალიტეტში მომხდარი ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც “კვირას“ დაცვის პოლიციის პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გელა ბეჟანიძის ცხედარი სასამართლო -სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
როგორც „კვირას“ ქედის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა დავით დუმბაძემ განუცხადა, გარდაცვლილის ოჯახს ფინანსურად, შეძლებისდაგვარად, დაეხმარებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები