ელგუჯა ხოკრიშვილი N 16 საბავშვო ბაღს ესტუმრა

  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი, გორის მერთან – ზურაბ კირკველიშვილთან ერთად, N 16 საბავშვო ბაღს სტუმრობდა.
სამინისტროს ინიციატივით, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტებისა და გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში (GEF SGP/UNDP) განხორციელდა პროექტი, რომელიც ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებას ითვალისწინებს. საბავშვო ბაღს ენერგოაუდიტის გავლის შემდეგ, ენერგოეფექტურობის დამადასტურებელი „ენერგეტიკული იარლიყი“ გადაეცა.
როგორც „კვირას“ სამინისტროდან აცნობეს, მინისტრმა გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლებთან ერთად, საბავშვო ბაღში დამონტაჟებული გათბობისა და ცხელი წყლის ჰიბრიდული სისტემა დაათვალიერა, რომელიც ბუნებრივი აირისა და მზის ენერგიის გამოყენებით მუშაობს.
პროექტი, ევროკომისიისა და ადგილობრივი მუნიციპლიტეტების თანადაფინანსებით, მერების შეთანხმების ფარგლებში განხორციელდა, რისთვისაც 100 ათასი დოლარი დაიხარჯა.
მერების შეთანხმება ევროკავშირის ინიციატივაა, რომელიც ითვალისწინებს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ნებაყოფლობით საქმიანობას ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების სფეროში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები