იემენში ამერიკელი ჟურნალისტი მოკლეს
დატყევებული ამერიკელი ფოტოჟურნალისტი სპეცოპერაციის შედეგად დაიღუპა. ლიუკ სომერსის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა ჩაკ ჰეიგელმა დაადასტურა. ჟურნალისტი მაშინ გარდაიცვალა, როდესაც სამხედროები იემენში მის გათავისუფლებას ცდილობდნენ. მასთან ერთად მოკლულია სამხრეთ აფრიკის მოქალაქე პიერ კორკი, რომელიც ერთ-ერთ ჰუმანიტარულ ორგანიზაციაში მუშაობდა და სომერსის მსგავსად წელიწადზე მეტი ხნის წინ მოიტაცეს.
როგორც ჰეიგელმა განაცხადა, იემენში ტყვეების გასათავისუფლებლად დაგეგმილი სპეცოპერაცია აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას ბრძანებით დაიწყო, რადგან ცნობილი გახდა, რომ სომერსის სიცოცხლე საფრთხეში იყო.
აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ჟურნალისტის გარდაცვალების გამო მის ახლობლებს მიუსამძიმრა.
33 წლის ფოტოჟურნალისტი იემენში 2013 წლის სექტემბერს აიყვანეს მძევლად. “ალ ქაიდამ” დეკემბერში ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, რომელშიც ჟურნალისტის მოკვლით იმუქრებოდნენ.
გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ტერორისტები აცხადებდნენ, რომ ჟურნალისტს 72 საათში მოკლავდნენ, რის გამოც აშშ პრეზიდენტმა გუშინ სამაშველო ოპერაციის ჩატარების სანქცია გასცა.