პუტინი ოლანდს: თქვენი ვიზიტი ბევრი პრობლემის მოგვარებაში დაგვეხმარება

  საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი მოსკოვის აეროპორტ „ვნუკოვოში“ ჩაფრინდა. სწორედ იქ მიმდინარეობს მისი შეხვედრა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან. „იტარ-ტასის“ ცნობით, მოლაპარაკებების დაწყებამდე პუტინმა განაცხადა, რომ ოლანდის ვიზიტი ბევრი საერთაშორისო პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება.
„თქვენ ნორმანდიაში შეხვედრის ინიციატორი იყავით. პრობლემები, რომლებიც თქვენ აღნიშნეთ, რთულია, თუმცა დისკუსია, რომელსაც ვაწარმოებთ, გარკვეულ დადებით შედეგს იძლევა. დარწმუნებული ვარ, თქვენი დღევანდელი მოკლე, სამუშაო ვიზიტი, უპირობოდ, ბევრი პრობლემის მოგვარებას დაეხმარება“, – განაცხადა პუტინმა ოლანდთან შეხვედრისას.
თავის მხრივ, საფრანგეთის პრეზიდენტმა პუტინს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ რუსეთის ლიდერმა სასაუბროდ „რამდენიმე წუთი მონახა“.
ცნობისთვის, კრემლის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ საფრანგეთის და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა დაგეგმილი არ იყო. მოლაპარაკებების გამართვა გუშინ საღამოს ფრანგულმა მხარემ მოითხოვა. ფრანგული მედიის ცნობით, ორი პრეზიდენტის საუბრის თემა, სავარაუდოდ, უკრაინის კრიზისი და რუსეთისთვის „მისტრალების“ გადაცემაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები