ლავროვი: რუსეთის ურთიერთობა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან – სუვერენული სახელმწიფოების თანამშრომლობაა

„რუსეთის ურთიერთობა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან სუვერენულ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობაა, რომლებიც საერთაშორისო სამართლის პრინციპებით ვითარდებიან“, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„რუსეთ-აფხაზეთის, ასევე, რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენული სახელმწიფოების ურთიერთობები საერთაშორისო სამართლის პრინციპებით ვითარდება და არავის ინტერესებს არ არღვევს“, – აღნიშნა ლავროვმა.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, „რუსეთსა და აფხაზეთს შორის გაფორმებული ახალი შეთანხმება არანაირად არ უკავშირდება ჟენევის დისკუსიებს სამხრეთ კავკასიის საკითხებზე“.
„ჟენევის დისკუსიებზე საკითხების 2 ბლოკი განიხილება: კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების პრობლემები და ჰუმანიტარული საკითხები, მათ შორის იძულებით გადაადგილებული პირების მდგომარეობა, ჰუმანიტარული კავშირები საზღვარზე და ა.შ. და ის შეთანხმებები, რომლებიც აფხაზეთთან გავაფორმეთ, მათ შორის საზღვრის ერთობლივი დაცვის შესახებ ხელშეკრულება, რუსული სამხედრო ბაზის შესახებ შეთანხმება და ბევრი სხვა რამ აფხაზეთის უსაფრთხოებას რეალურად ზრდის. შეიძლება ითქვას, რომ ამ შეთანხმებებს კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების გაზრდაში წვლილი შეაქვთ. ეს კი ჟენევის დისკუსიების ერთ-ერთი თემაა“, – განაცხადა ლავროვმა.
ჰუმანიტარულ საკითხებზე საუბრისას ლავროვმა აღნიშნა: „თავის დროზე მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ დევნილების პრობლემებზე დისკუსიების ფარგლებში ისაუბრებენ, და ეს საუბრები დაიწყო. მათ გაეროს დევნილების საკითხზე მომუშავე უმაღლეს კომისარს სთხოვეს ამ პრობლემის ინვენტარიზაცია, მაგრამ შემდეგ ქართულმა მხარემ ეს თემა გაეროს გენერალურ ასამბლეაში გააჟღერა. როდესაც ეს მოხდა, აფხაზებმა და ოსებმა თქვეს, რომ ასევე სურთ დისკუსიებში მონაწილეობის მიღება, რადგან დევნილები მათი ტერიტორიიდან არიან და მათ მიმართ პრეტენზიები არსებობს. მაგრამ მათ უარი უთხრეს, ვიზების გაცემაზე უარი ასევე ამერიკელებმა განაცხადეს. აფხაზები და ოსები ვერ გამოთქვამდნენ პრეტენზიას, რომ გენერალური ასამბლეის დარბაზში მაშინვე შეეშვათ მოლაპარაკებებზე, მაგრამ ისინი სადღაც არაფორმალურად ისხდნენ და მზად იყვნენ, ის გადაწყვეტილებები განეხილათ, რომელიც მათ მიმართ, თუმცა მათი თანდასწრების გარეშე უნდა მიეღოთ. ეს არ გამოვიდა. და, ჩემი აზრით, სრულებით სამართლიანად თქვეს, რომ თუ თქვენ გაეროში ამ საკითხებს უჩვენოდ განიხილავთ, გააკეთეთ ეს. და თუ საქმით გსურთ დაკავდეთ, მაშინ ჟენევის დისკუსიებს დაუბრუნდით“, – განაცხადა ლავროვმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები