დავით უსუფაშვილი საქართველოსთვის მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გუბაზ სანიკიძის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სანიკიძე შეეცადა, პარლამენტი და საზოგადოება ცოტა გამოეფხიზლებინა, რომ 2014 წელს ჩვენ შეიძლება დიდი გამოცდების წინაშე აღმოვჩნდეთ. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს წინაშე ხიფათი არსებობს და ის ძალა თუ ძალები, რომლებსაც არ სურთ ჩვენი ევროპაში ინტეგრაცია, ნატოში შესვლა, ასე გულხელდაკრეფილი არ დაელოდებიან შემდეგ თვეებს.
„გუბაზ სანიკიძე შეეცადა, ყველა, მათ შორის პარლამენტი და საზოგადოება, ცოტა გამოეფხიზლებინა, რომ 2014 წელს ჩვენ შეიძლება დიდი გამოცდების წინაშე აღმოვჩნდეთ. მე ამას სულ ვსაუბრობ, ოღონდ შესაძლოა, სხვა სიტყვებით. როცა ვამბობ, რომ უნდა მოვითმინოთ ყველაფერი, და დღესაც ვთქვი, რომ ევროპული არჩევანის გაფორმება და ამ პროცესის შეუქცევადობა უნდა უზრუნველვყოთ, ვგულისხმობ სწორედ იმას, რომ ე.ი რაღაცები არის მოსალოდნელი, რომელსაც უნდა გავუძლოთ და მოვითმინოთ. რაც შეეხება იმ განცხადებას, რომ უკრაინის მერე საქართველოს ჯერი დადგება, არა მგონია გუბაზი იმას გულისხმობდა, რომ ხვალ საქართველოში დაიღვრება სისხლი და მაინცდამაინც ესაა სცენარი. მაგრამ, როცა ვილნიუსის სამიტამდე ორი თვით ადრე ჯერ სომხეთი და შემდეგ უკრაინა გამოაკლდა იმ სახელმწიფოების რიცხვს, რომლებსაც ხელი უნდა მოეწერათ ასოცირების ხელშეკრულებისთვის, როცა ვხედავთ, რომ მოლდოვაში საკმაოდ დაძაბული სიტუაციაა, ჩვენი მთავარი საზრუნავია, გავაძლიეროთ საქართველოს პოზიციები”, – განაცხადა უსუფაშვილმა.