დავით ნარმანიამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის ბაგა-ბაღი გახსნა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა ბერი გაბრიელის ქუჩაზე მდებარე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის სრულად ადაპტირებული 215-ე ბაგა-ბაღი გახსნეს.
ბაგა-ბაღი ერთ-ერთია საქართველოში არსებული იმ ბაღებიდან, რომელიც ცდილობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ინტეგრაციას საერთო ჯგუფებში. ბაგა-ბაღში 470 აღსაზრდელია, მათ შორის, 15 შეზღუდული შესაძლებლობებისაა და სპეციალურ საგანმანათლებლო პროგრამას საჭიროებს.
ბაგა-ბაღის რეკონსტრუქცია აშშ მთავრობის თავდაცვის დეპარტამენტის ევროპულმა სარდლობამ დააფინანსა და აშშ-ს საელჩოს შუამავლობით, აშშ არმიის ინჟინერთა კორპუსმა განახორციელა.
250 000 აშშ დოლარის ღირებულების პროექტის ფარგლებში ბაგა-ბაღის ორსართულიანი შენობის სრული რეკონსტრუქცია განხორციელდა – დამონტაჟდა ლიფტი და ცენტრალური გათბობის სისტემა, გაკეთდა შშმ ბავშვებისთვის ადაპტირებული სველი წერტილები, მოეწყო ადაპტირებული სათამაშო მოედანი, გამოიცვალა სახურავი და ღობე.
„ჩვენ, ისევე როგორც ჩვენი მხარდამჭერი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციები ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პატარებს უკეთესი პირობები შევუქმნათ. მათზე ზრუნვა ჩვენი ვალია. ეს ბაღი სრულად არის ადაპტირებული, რომ შშმ ბავშვებმა თავისუფლად შეძლონ გადაადგილება და სრულად იყვნენ ამ სივრცეში ინტეგრირებული,“- განაცხადა დავით ნარმანიამ.
„ჩემთვის დიდი პატივია, თბილისის მერთან ერთად ვესწრებოდე დღევანდელ ღონისძიებას. დღეს აქ ასევე იმყოფება „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის“ ხელმძღვანელი გიორგი ძნელაძე და ავღანეთში დაჭრილი პოლკოვნიკი ალექსანდრე ტუღუში. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ არა მხოლოდ საზოგადოების სრული შესაძლებლობების მქონე წევრებს შეუძლიათ იზრუნონ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე. ჩვენ შეგვიძლია შშმ პირებისგან ვისწავლოთ სიმამაცე და ავიღოთ მაგალითი, თუ როგორ უმკლავდებიან ისინი იმ გამოწვევებს და საჭიროებებს, რომლის წინაშეც ყოველდღიურად დგანან. ჩვენ უნდა ვუსმინოთ მათ, მათ შემოაქვთ ჩვენს ცხოვრებაში ახალი განზომილება, მადლიერი ვარ, რომ ეს ადამიანები ჩვენს გვერდით არიან“, – განაცხადა აშშ-ს ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები