ლუკა კურტანიძე: მეუბნებოდნენ, რა გენაღვლება, შენი ფული ხომ არაა, სახელმწიფომ მოგვცაო

ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ყოფილი ხელმძღვანელი ლუკა კურტანიძე თანამდებობის დატოვების მიზეზებზე საუბრობს.
როგორც კუტანიძე გაზეთ ,,ალიასან“ საუბრისას აცხადებს, გაზაფხულზე მის წინააღმდეგ გამოსვლები კიდევ უნდა დაწყებულიყო, რაც მისი თანამდებობიდან წასვლის მიზეზი გახდა.
მისივე თქმით, მას მოჭიდავეებმა კორუფციული გარიგება შესთავაზეს, რაზეც არ დათანხმდა და სწორედ ამიტომ დაუპირისპირდნენ. “მე მქონდა ინფორმაცია, რომ გარკვეული ჯგუფი ჩემზე იერიშის მიტანას ისევ აპირებდა და ვამჯობინე, ამ მოვლენებს გავცლოდი. ვიცი, რომ ისინი აქტიურად ემზადებოდნენ და არაერთ პროვოკაციას გეგმავდნენ. ამიტომ ვამჯობინე, დროებით გადავმდგარიყავი და უფლებამოსილება ჩემს მოადგილეს დავუტოვე. “ნაციონალების“ მიერ მართულმა ჯგუფმა საქმის სხვანაირად წაყვანა მოინდომა, თითქოს გამათავისუფლეს, გამაგდეს და ახლა ჩამოხრჩობას მიპირებდნენ. ერთია, რომ მათ უკან დგანან ,,ნაციონალები“, მაგრამ თვითონ ფედერაციაშიც არიან ჩანერგილები, რომლებიც ნამდვილად არ არიან მოჭიდავეები… მოჭიდავეები ჩემგან რაღაცას ელოდებოდნენ, როცა ვერ მიიღეს, სხვასთან დაიწყეს ძრომიალი, ეტყობა, მათ დაპირებები მისცეს. მე მათ გამოვუცხადე, რომ სანამ ფედერაციას ვუხელმძღვანელებდი, ერთი თეთრიც არ გაიხარჯებოდა არამიზნობრივად. შარშან სახელმწიფოდან გადმორიცხული თანხა დაგვრჩა, ვერ გავხარჯეთ და 180 ათასი ლარი უკან დავაბრუნე. ისინი მეუბნებოდნენ, სხვადასხვა ხარჯებში გაწერე, ავითვისოთ, რა გენაღვლება, ეს ხომ შენი ფული არ არის, სახელმწიფომ მოგვცაო. ეს არ გავაკეთე და სახელმწიფოს დავუბრუნე, ეს ყველაფერი ნამდვილად ჩაიდეს გულში. ამ ადამიანებმა ფედერაციაში ვერ შექმნეს მაფიოზური დაჯგუფებები და ამიტომაც ბევრისთვის მიუღებელი გავხდი. ზოგიერთი მათგანი დაჟინებით მიმეორებდა, ის ფული რომ არ დაგებრუნებინა, ყველანი კმაყოფილები ვიქნებოდითო“,- ამბობს ლუკა კურტანიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები