რიჩარდ ნორლანდი: ჩემი შშმ ბიძაშვილი ჩემთვის სიმამაცის ნიმუში იყო

არა მხოლოდ სრული შესაძლებლობის მქონე პირს შეუძლია გააკეთოს რაიმე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, არამედ – პირიქითაც, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რიჩარდ ნორლანდმა ისნის რაიონში ადაპტირებული საბავშვო-ბაღის გახსნაზე განაცხადა.
ნორლადმა შშმ პირთან ურთიერთობის პირადი გამოცდილებაც გაიხსენა. მისი თქმით, დიდი სიმამაცეა საჭირო, რომ შეზღუდული შესაძლებლობების პირობებში განაგრძო ცხოვრება, როგორც ოჯახის, საზოგადოების წევრმა.
“დღეს მსოფლიო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღეს აღნიშნავს. ამით ჩვენ ხაზს ვუსვამთ არა მხოლოდ იმას, რა შეიძლება გააკეთონ სრული შესაძლებლობის მქონე ადამიანებმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, არამედ პირიქით – რა შეიძლება გააკეთონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებმა დანარჩენი საზოგადოებისთვის. ნამდვილად დიდი სიმამაცეა საჭირო, რომ შეზღუდული შესაძლებლობების პირობებში განაგრძო ცხოვრება, როგორც ოჯახის, საზოგადოების წევრმა. ეს არის თითოეული ჩვენგანისთვის სამაგალითო.
პირადად ჩემს მაგალითს მოგიყვებით: ჩემი ბიძაშვილი იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ის იყო ჩემთვის სიმამაცის ნიმუში, მიუხედავად იმ სირთულეებისა, რომელსაც ყოველდღიურად აწყდებოდა. ნამდვილად ძალზე მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ არა მხოლოდ საზოგადოების სრული შესაძლებლობის მქონე წევრებს შეუძლიათ იზრუნონ იმ წევრებზე, რომლებსაც შეზღუდული შესაძლებლობები აქვთ, არამედ ჩვენ შეგვიძლია მათგან ვისწავლოთ სიმამაცე და ავიღოთ მათგან მაგალითი, თუ როგორ უმკლავდებიან გამოწვევებს, რომლის წინაშეც ყოველდღიურად დგანან. მათ ჩვენ უნდა ვუსმინოთ. მათ შემოაქვთ ჩვენს ცხოვრებაში ახალი განზომილება”, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში.
თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ და საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რიჩარდ ნორლანდმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებზე ადაპტირებული საბავშვო ბაღი გახსნეს. ისნის რაიონში მდებარე 215-ე საბავშვო ბაღის ადაპტაცია ამერიკული მხარის დახმარებით განხორციელდა. ბაღში 470 ბავშვამდე ირიცხება, საიდანაც 15 შეზღუდული შესაძლებლობის არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები