დავით ნარმანია ურბანული მობილურობის ფორუმს დაესწრო

„შევცვალოთ თბილისი მდგრადი ურბანული მობილურობის ხელშეწყობის გზით“- ამ თემაზე სასტუმრო „ტიფლის პალასში“ თბილისის 2014 წლის ურბანული მობილურობის ფორუმი მიმდინარეობს. ფორუმი თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ გახსნა.
სამდღიანი ფორუმის ორგანიზატორები თბილისის მერია და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი არიან და ის აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით იმართება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ფორუმის მიზანია, უახლოეს მომავალში თბილისის უფრო მდგრად ურბანულ მობილობაზე გადასვლის ვარიანტების განხილვა, რომელიც თბილისის მთავრობის ბოლო ინიციატივებსა და საერთაშორისო გამოცდილებას დაეყრდნობა. ფორუმი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ განხილული საკითხები თბილისის საქალაქო ტრანსპორტის საგზაო რუკის განახლების პროცესს მნიშვნელოვანად დაეხმარება.
თბილისის მერის, დავით ნარმანიას თქმით, ფორუმზე საუბარი იქნება საერთაშორისო გამოცდილებაზე საცობების მართვასთან, სატრანსპორტო სისტემების განვითარებასთან, საგზაო ინფრასტრუქტირის მოწესრიგებასთან დაკავშირებით.
„ჩემი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა დედაქალაქში არსებული საცობებია. ჩვენ ძალიან ბევრი მუშაობა მოგვიწევს იმისათვის, რომ მდგომარეობა განვტვირთოთ, ამიტომ აუცილებელია საერთაშორისო გამოცდილების გაცნობა. მნიშვნელოვანია, რომ საგზაო რუკის განახლებაში აზიის განვითარების ბანკი გვეხმარება, რათა მოწესრიგდეს ინფრასტრუქტურა და საცხოვრებლად უფრო კომფორტული ქალაქი მივიღოთ,“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.
ფორუმს ესწრებიან მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნის წამყვანი ექსპერტები საგზაო ინფრასტრუქტურის, საცობების მართვისა და სატრანსპორტო სისტემის განვითარების დარგში, რომლებიც ქართველ კოლეგებს სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებას გაუზიარებენ, მოისმენენ ინფორმაციას ჩვენთან არსებული მდგომარეობის შესახებ. ეს ყველაფერი საფუძვლად დაედება სამომავლო განვითარების გეგმას.
აზიის განვითარების ბანკის ურბანული განვითარების უფროსი სპეციალისტის, ბერტრან გოალუს თქმით, ფორუმზე იმსჯელებენ საცობების კუთხით არსებულ მწვავე მდგომარეობასა და გამომწვევ მიზეზებზე, რათა მომზადდეს სამოქმედო გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს ეტაპობრივად მდგომარეობის განმუხტვა. მისივე თქმით, მთავარი მიზანია, ქალაქი ისე განვითარდეს, რომ მოხდეს მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარება, რაც ხელს შეუწყობს საცობებისა და ქალაქში გამონაბოლქვის შემცირებას.
ფორუმის მუშაობაში, თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობენ მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ტარიელ გუგავა, აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები, სხვადასხვა ქვეყნების სატრანსპორტო დარგის ექსპერტები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები