თეა წულუკიანი ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის პროფესურასა და სტუდენტებს შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გრძელდება.
სამინისტროს ინფორმაციით, თეა წულუკიანი ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის პროფესურასა და სტუდენტებს შეხვდა. ევროპის ერთ-ერთ უძველეს და ყველაზე პრესტიჟულ სასწავლო ცენტრში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილეები ალექსანდრე ბარამიძე და ალექსანდრე ტაბატაძე ესწრებოდნენ.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით სწავლებისა და საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსის მოადგილემ, პროფესორმა მიხაელ კემპერმა, და იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ქრისტიან ვალჰოფმა გახსნეს.
იუსტიციის მინისტრის მოხსენების თემა საქართველოში ინსტიტუციური დემოკრატიის მშენებლობა და ქვეყნის ევროინტეგრაციისაკენ სწრაფვა იყო. თეა წულუკიანმა ისაუბრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ განხორციელებულ რეფორმებზე, საქართველოს მიერ დემოკრატიის მშენებლობის პროცესში განვლილ გზაზე, ქვეყნის საგარეო ურთიერთობისა და უსაფრთხოების საკითხებზე.
„ჩვენ ვისაუბრეთ იმ რეფორმებისა და გარდაქმნების შესახებ, რომლებიც მიმდინარეობს საქართველოში ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ამ ლექციას ესწრებოდა ძალიან ბევრი ცნობილი სამართლის სპეციალისტი, გერმანელი და ქართველი სტუდენტები… მათთვის სასიხარულო და საინტერესოა იმ ნაბიჯების შესახებ დეტალური ინფორმაციის მოსმენა, რაც ქართულ სამართალს და სამართლის სისტემას საქართველოში აახლოებს ევროპულ სტანდარტებთან და, მათ შორის, გერმანიის სამართლებრივ კულტურასთან, რომელთანაც ჩვენ ყოველთვის ახლოს ვიყავით“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
ლექციის დასრულების შემდეგ დისკუსია გაიმართა, რომელსაც მოდერაციას უწევდა მარტინ ჰეგერი − სისხლის სამართლის, სისხლის სამართლის საპროცესო სამართლის, ევროპული სისხლის სამართლის, ახალი სამართლის ისტორიის პროფესორი.
ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის პროფესორის, დოქტორ მარტინ ჰეგერის თქმით, უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტს მჭიდრო კონტაქტები აქვს საქართველოსთან, მათ შორის, იუსტიციის სამინისტროსთანაც, რაც შესაძლებლობას აძლევს, დააკვირდეს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს.
„ჩემი შთაბეჭდილებით, საქართველოში ძალიან ბევრი კეთდება. ორი წლის წინ მე ვიყავი თბილისში, მაშინ მოვუსმინე იუსტიციის მინისტრის გამოსვლას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და, იმასთან შედარებითაც კი, მექმნება შთაბეჭდილება, რომ ძალიან ბევრი რამ გაკეთდა. მინისტრი ძალიან მონდომებულია და დიდი ძალისხმევით ცდილობს რეფორმების განხორციელებას საქართველოში. მე ვფიქრობ, რეფორმები მომავალშიც გაგრძელდება“, − აღნიშნა მან.
იუსტიციის მინისტრის ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში 6 დეკემბერს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები