„პრეზიდენტს ვეტოების დადება შეიძლება ერთგვარ ჰობადაც გადაექცეს“

„თუ პრეზიდენტი ასე ჩაერევა საკანონმდებლო საქმიანობაში, მაშინ გამოდის, რომ ნებისმიერ კანონსაც დაადებს ვეტოს და შეიძლება ეს ერთგვარ ჰობადაც გადაექცეს“,- აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაზა პაპუაშვილმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
პაპუაშვილის განცხადებით, უფრო სწორი იქნება, თუ პრეზიდენტი ვეტოს უფლებას მაშინ გამოიყენებს, თუ კანონი კონსტიტუციასთან შესაბამისობაში არ მოდის.
დეპუტატის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ ვეტო სძლია და კრიზისიდან ღირსეულად გამოვიდა, რითაც, მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ დამარცხების სამზერად პარლამენტში მისული ადამიანების მოლოდინი არ გამართლდა.
„მოსმენების კანონზე ვეტოს დადება არ იყო საჭირო. თვითონ ვეტოს განმარტებაში მე ვერაფერი საინტერესო და პრინციპების დონეზე განმარტება ვერ დავინახე. მართლმსაჯულება სასამართლომ უნდა აღასრულოს, მისი განჩინება კი შინაგან საქმეთა სამინისტროზე უნდა იყოს, თუმცა ამას უნდა ჰქონდეს კონტროლი. თუ პრეზიდენტი ასე ჩაერევა საკანონმდებლო საქმიანობაში, მაშინ გამოდის, რომ ნებისმიერ კანონს დაადებს ვეტოს და ვეტოების დადება და ახალი კანონების დაწერა შეიძლება ერთგვარ ჰობადაც გადაექცეს. თუ კანონი კონსტიტუციასთან არ მოდის შესაბამისობაში, ამ დროს უნდა გამოიყენოს პრეზიდენტმა ვეტოს უფლება. ამის გამო პარლამენტმა პატარა კრიზი გადაიტანა. ამ კრიზიდან ხაზგასმით ღირსეულად გამოვიდა „ქართული ოცნება“. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სრული მობილიზება გამოაცხადა, სეირის საყურებლად ისეთი ხალხი მოვიდა, ნანახიც რომ არ მყავდა პარლამენტში და თუ დეპუტატები იყვნენ, ისიც არ ვიცოდი. ანშლაგი იყო, სანახაობის სანახავად მოვიდნენ. მათ უნდოდათ „ქართული ოცნების“ დამარცხებისა და „გაფარჩაკების“ ხილვა. ჩვენ ეს ყველაფერი კარგად გადავიტანეთ და სხვებმა „გაფარჩაკებულად“ დატოვეს დარბაზი“,- განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები