დავით ბაქრაძე საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

მთავრობის ადმინისტრაციაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან უილიამ ლაჰიუსთან. უილიამ ლაჰიუმ დავით ბაქრაძეს სახელმწიფო მინისტრად დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა საქართველოს პროგრესი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ძირითადი საკითხები განიხილეს.
სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის დროული და ეფექტიანი იმპლემენტაციის მნიშვნელობას, რომელიც წარმოადგენს საქართველოს მთავრობის დღის წესრიგის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს.
დავით ბაქრაძემ, ასევე, ყურადღება გაამახვილა აღნიშნული პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში მოკავშირეების მხრიდან ინდივიდუალური მხარდაჭერის მნიშვნელობაზეც. მხარეებმა რეგიონში არსებულ გამოწვევებზე და რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზე ისაუბრეს.
სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას შორის ხელმოწერილ ე.წ. „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების” უარყოფით გავლენას კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივებზე და ასევე, რეგიონში არსებულ უსაფრთხოების ვითარებაზე. დავით ბაქრაძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ნატო-სა და მოკავშირეების მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობაზე; ასევე, აღნიშნა პარტნიორი ქვეყნების როლი საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე რეაგირების კუთხით.
მხარეებმა კვლავ დაადასტურეს ნატოს სამოკავშირეო ოფისსა და სახელმწიფო მინისტრის აპარატს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები