ამირან გიგუაშვილი: აკაკი ბობოხიძემ უკრაინას ფაქტობრივად ომი უსურვა

რაც უფრო ნაკლებად გააკეთებს გაუაზრებელ განცხადებებს აკაკი ბობოხიძე, მით უკეთესი იქნება უკრაინისთვისაც და საქართველოსთვისაც, – ასე გამოეხმაურა პოლიტიკის და სამართლის ცენტრის თავმჯდომარე ამირან გიგუაშვილი დეპუტატ აკაკი ბობოხიძის განცხადებას, იმის თაობაზე, რომ რაც უფრო მეტად იქნება რუსეთი უკრაინით დაკავებული, მით ნაკლებად მოიცლის საქართველოსთვის. როგორც ამირან გიგუაშვილმა „კვირას“ განუცხადა, აკაკი ბობოხიძემ უკრაინას ფაქტობრივად ომი უსურვა.
„ბატონი აკაკი ბობოხიძისგან მსგავსი ტიპის განცხადებებს ხშირად ვისმენთ. სულაც არ იქნებოდა ეს ასეთი მნიშვნელოვანი, იგი რომ პარლამენტის დეპუტატი და ოპოზიციური ძალის ერთ-ერთი სახე არ იყოს. აკაკი ბობოხიძემ უკრაინას ფაქტობრივად ომი უსურვა. როგორ შეიძლება უკრაინას პრობლემები ვუსურვოთ იმის გამო, რომ ჩვენ აქედან სიკეთე ვნახოთ. სულაც რომ ასე იყოს, მინიმუმ არაეთიკურია იმ ათასობით დაღუპული უკრაინელის ხსოვნის წინაშე, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას შეეწირა.
„ნაციონალური მოძრაობის“ რიტორიკა ის არის, რომ უკრაინის მხარდამხარ ვიბრძოლოთ პუტინის ფაშისტური რეჟიმის წინააღმდეგ. ეს ერთ-ერთი იშვიათი შემთხვევაა, რაშიც არ შეიძლება მათ არ დაეთანხმო, მაგრამ ამავე დროს, თუ ჩვენ იმაზე უნდა ვიფიქროთ, როგორ გავუშვათ მოძმე უკრაინელები წინა ხაზზე, ხოლო ჩვენ მათ ზურგს ამოვეფაროთ, ვფიქრობ, ეს მათივე გაცხადებულ პოზიციას აშკარად ეწინააღმდეგება. ასე, რომ ბატონი აკაკი ბობოხიძე მინიმუმ ცდება, როდესაც ასეთ გაუაზრებელ განცხადებებს აკეთებს და რაც უფრო მეტ სიფრთხილეს გამოიჩენს, უკეთესი იქნება ჩვენთვისაც და უკრაინისთვისაც“, – განუცხადა „კვირას“ ამირან გიგუაშვილმა.
საპარლამენტო უმცირესობის წევრმა აკაკი ბობოხიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა.
„უკრაინა ჩვენი შანსია ხალხო, რაც უფრო მეტად იქნება რუსეთი დაკავებული უკრაინით, მით უფრო ნაკლებად მოიცლის ჩვენთვის“, – აღნიშნა ბობოხიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები