„გადავდგით ნახევარი ნაბიჯი ევროპულ სისტემამდე მისასვლელად – დედას გეფიცებით, ასე ვფიქრობ“

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ქვეყანაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა წარსულიდან გამოსასვლელად, მაგრამ ევროპამდე ჯერ კიდევ არ ვართ მისული. როგორც დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში განაცხადა, სიღრმისეული რეფორმების გატარების ნაცვლად ჯერ კიდევ “იზოლირებული საკითხების მოგვარებით” არიან დაკავებულები, რაც პრობლემაა და რისი არსებობაც ფარულ მოსმენასთან დაკავშირებული ე.წ. გასაღების საკითხის ირგვლივ გამართულმა განხილვებმა გამოავლინა.
“ჩვენ ჯერ კიდევ სიღრმისეული რეფორმების გატარების ნაცვლად დაკავებული ვართ მნიშვნელოვანი, მაგრამ მაინც კონკრეტული და იზოლირებული საკითხების მოგვარებით. ამ გზით სიარულით გვინდა წარმატების მიღწევა. მე მგონია, რომ ის, რაც ამ თვალსაზრისით გამოვლინდა კიდეც, იყო საკითხისადმი ძალიან ზედაპირული დამოკიდებულება. დისკუსიის მონაწილე მხარეები იყვნენ დაყოფილი ასე: შსს-ის სიძლიერის მომხრეები და შსს-ის დასუსტების მომხრეები. ორივე მხარემ ხელი შეუწყო საკითხის ასე ზედაპირულად წარმოჩენას, რაც არასწორია და გამოვლინდა ის, რომ დებატების დროს ჩვენ ჯერ კიდევ გვიჭირს საკითხის არსში ჩასვლა, მარტივი გვგონია, რომ თუ ვინმეს მივაწებებთ რაიმე იარლიყებს, ესაა გამოსავალი. ამ კონტეტულ საკითხთან მიმართებაში, ჩვენ გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯი წარსულიდან გამოსასვლელად, მაგრამ ჯერ კიდევ არ ვართ მისული იქ, სადაც არის ევროპა”, – განაცხადა უსუფაშვილმა.
უსუფაშვილის განცხადებით, ე.წ. გასაღების საკითხზე ბესელია-სესიაშვილი-ფოფხაძის კანონპროექტის მიღებით წარსულში დავრჩით.
“გაცილებით მყარი და გრძელი ნაბიჯის გადადგმა შეიძლებოდა, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა ამ ეტაპზე. ამის მიუხედავად, არ უნდა გაგვიჩნდეს განცდა, რომ დავრჩით წარულში – არა, წარსულში არ დავრჩენილვართ. გადავდგით ნაბიჯი, მაგრამ ეს არის, ჩემი აზრით, ნახევარი ნაბიჯი იმისთვის, რომ ბოლომდე და ევროპულ სისტემამდე მივიდეთ. დედას გეფიცებით ასე ვფიქრობ”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები