საპარლამენტო ოპოზიცია ქართველი სამხედროების აფრიკაში გამგზავრებას მხარს უჭერს
ჩვენ ყველას გვესმის გადაწყვეტილების სიმძიმე, მაგრამ გვესმის, რომ ამას ვაკეთებთ საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ მხარს დაუჭერს მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვეითი ასეულის ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობას მიიღებს. “ჩვენ გავიარეთ ისიც, რას ნიშნავს, როდესაც ამ დროს ოპოზიცია გიტევს და გაბრალებს იმას, რომ შენს ბიჭებს საზარბაზნე ხორცად იყენებ უცხოეთში. ჩვენ ეს გავიარეთ მათ შორის ბევრი ისეთი ადამიანისგანაც, რომელიც დღეს, ამ დარბაზშია და ალბათ ხმას მისცემს ჩვენი ჯარისკაცების ცენტრალურ აფრიკაში გაშვებას. ამიტომ, მე არ ვაპირებ დღეს იგივეთი ვუპასუხო დღევანდელ უმრავლესობას. არ ვაპირებ გამოსვლას იმის თაობაზე, რომ დღევანდელი ხელისუფლება და უმრავლესობა საზარბაზნე ხორცად იყენებს ჩვენს სამხედროებს. მე მინდა ვთქვა, ჩვენ ყველას გვესმის ამ გადაწყვეტილების სიმძიმე, მაგრამ გვესმის, რომ ამას ვაკეთებთ საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე. ამიტომ, ვუსურვებ ჩვენს ბიჭებს წარმატებულ მისიას, უვნებლად დაბრუნებას და იმის გააზრებას, რომ შორეულ აფრიკაში ამ მისიით და ამ დისლოკაციით ისინი საქართველ ევროპულ მომავალს ემსახურებიან და თავიანთი წვლილი შეაქვთ საქართველოს უსაფრთხოებაში”,- განაცხადა დავით ბაქრაძემ.