გაფიცული რკინიგზელები დღეს, 20.00 საათზე გამაფრთხილებელ აქციას გამართავენ

„საქართველოს რკინიგზის“ გაფიცული თანამშრომლების გამაფრთხილებელ აქციამდე დაახლოებით ერთი საათი დარჩა. „საქართველოს რკინიგზის“ გაფიცული თანამშრომლები და სტუდენტები აფრიკის სარკინიგზო დეპოში გამაფრთხილებელ აქციას გამართავენ, – ამის შესახებ ინფორმაციას პროფკავშირები ავრცელებს.
აქცია 20:00 საათზეა დაგეგმილი და, როგორც ცნობილია, მას სტუდენტებიც შეუერთდებიან.
„მეშვიდე დღეა გრძელდება რკინიგზელთა სრულმასშტაბიანი გაფიცვა, სარკინიგზო მოძრაობა გაჩერებულია მთელი საქართველოს მასშტაბით. რკინიგზელთა სამართლიანი მოთხოვნებია:
1. ახალი სამართლიანი სახელფასო ბადის შემუშავება, რომელშიც გათვალისწინებული იქნება რკინიგზელთა სტაჟი და კვალიფიკაცია;
2. სამართლიანი საპრემიო სისტემის შემოღება, კერძოდ: მე-13 ხელფასის სახით;
3. ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება, რკინიგზელებთან შეთანხმებით დადგენილი ტარიფით. ადმინიტრაციის მიზანია, არ დააკმაყოფილოს რკინიგზელთა მოთხოვნები და შეაჩეროს გაფიცვა. ისინი მუქარის, შანტაჟის, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის მეშვეობით ცდილობენ გაფიცვის უფლების შეზღუდვას და გაფიცულთა ხმის ჩახშობას. ადმინისტრაცია უგულებელყოფს გაფიცულთა მოთხოვნებს და ცდილობს, შექმნას ილუზია, რომ მათი ჩანაცვლება შესაძლებელია.
რკინიგზის ადმინისტრაციამ სცადა საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებისა და რკინიგზელთა ახალი პროფკაშირის მოტყუება, რამაც მოლაპარაკებების პროცესი უკიდურეს დაძაბულობამდე მიიყვანა – რკინიგზელებმა აღნიშნული ქმედება მიზანმიმართულ საბოტაჟად აღიქვეს და მთელი ქვეყნის მასშტაბით სრული მობილიზაცია გამოაცხადეს. რკინიგზელთა ახალმა პროფკავშირმა მედიამორატორიუმი დაარღვია. გაფიცვა გრძელდება. ადმინისტრაციის მოქმედება, პირველ რიგში, მშრომელთა უფლებების საზოგადოებრივი დღის წესრიგში დაყენებას ეწინააღმდეგება და ყოველგვარი მეთოდის გამოყენებით ცდილობს საყოველთაო სოლიდარობის გამოხატვისთვის ხელის შეშლას – სოლიდარობა კი ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ამ უფლებების აღიარებისა და მათი მასშტაბური განხორციელებისათვის ბრძოლის გზაზე.
მოვუწოდებთ ყველას, ყველა სტუდენტს თუ სტუდენტურ ჯგუფს, შემოუერთდეს გამაფრთხილებელ აქციას აფრიკის სარკინიგზო დეპოში, რომელიც დაიწყება დღეს, 2 დეკემბერს, 20:00 საათიდან!!
სტუდენტთა სოლიდარობის ეს აქტი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ეს არის შრომითი ექსპლუატაციის წინააღმდეგ თვითორგანიზებული წინააღმდეგობის დასაწყისი!
ადგილზე შეგიძლიათ მოხვიდეთ 2 ნომერი ავტობუსით ბარათაშვილის ხიდიდან, 5 ნომერი მიკროავტობუსით სამგორიდან“, – ნათქვამია პროფკავშირების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები