„ლაფანყურის თემაზე საპარლამენტო კომისიის შექმნა ურიგო არ იქნებოდა“
ლაფანყურის სპეცოპერაციაზე საზოგადოებრივი კომისიის მუშაობის დასრულების საკითხს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გედევან ფოფხაძე საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამოეხმაურა. ფოფხაძის შესაფებით, ეს არის საქმე, რომელზეც კითხვების არსებობა ხელისუფლებას არ აწყობს.
დეპუტატმა საუბრისას ხაზი საპარლამენტო კომისიის შექმნისა და საქმის კომპლექსური გამოძიების საჭიროებას გაუსვა.
„ლაფანყურის თემაზე საპარლამენტო კომისიის შექმნა ურიგო არ იქნებოდა. ამ თემაზე საპარლამენტო კუთხით მეტი აქტიურობაა საჭირო. რეალურად უნდა დადგინდეს, რა მოხდა და რასთან გვქონდა საქმე. მათ, ვისაც არ უნდოდათ, რომ ეს საქმე გამოძიებულიყო, ყველაფერი გააკეთეს, რომ მტკიცებულებები გაენადგურებინათ და თავგზა აებნიათ შესაძლო ობიექტური გამოძიებისთვის, რომ მერე მრავალი კითხვის ნიშანი ყოფილიყო. მოქმედი ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ მოტივაციას და საქმის დაყოვნებას გამოვრიცხავ. ხელისუფლებას პირიქით ხელს არ აძლევს, რომ ამ საქმეზე კითხვები არსებობდეს. ძიება კომპლექსურად უნდა წავიდეს“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.